ბიზნესი
05/11/2020

წიაღისეულის 100 ლიცენზიიდან 48 გაყიდულია - პროექტის "100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" შედეგები

მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების 100-დან 48 ლიცენზია გაიყიდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, რომელიც „ბიზნესპარტნიორმა“ გამოითხოვა, აუქციონის შედეგად გაყიდული ლიცენზიების ჯამური მოცულობა 3,5 მლნ ლარია. ნათია თურნავას უწყება გარიგებების ფარგლებში საშუალოდ 1 086 ადამიანის დასაქმებას და 20 მლნ ლარის მოცულობის ინვესტიციის მოზიდვას ელის.

აღსანიშნავია, რომ გაყიდული ლიცენზიების მეშვეობით კომპანიები მოიპოვებენ პოლიმეტალებს, სამთო-ქიმიურ ნედლეულს, საშენ მასალებსა და მიწისქვეშა წყლებს.

უწყებაში ასევე განმარტავენ, რომ ახალი საინვესტიციო შეთავაზებების მომზადებაზე მუშაობა მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ჯამურად 87 ობიექტი გაიცა.