ცემენტის ადგილობრივი მწარმოებელი Magnum Group-ი წარმადობის გაზრდას გეგმავს
ცემენტის ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიის Magnum Group-ის დირექტორი პაატა ნიკვაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ სამომავლოდ კომპანია წარმადობის გაზრდას გეგმავს.
როგორც ნიკვაშვილი აცხადებს, წარმოება, რომელიც მზარდი არ არის, ის განწირულია. შესაბამისად, თუ ახლა Magnum Group-ი თვეში 6000-7000 ტონა ცემენტს აწარმოებს, სამომავლოდ ეს რიცხვი 12 000 ტონამდე გაიზრდება.
ამჟამად Magnum Group-ის ბრუნვა 1,5 მლნ ლარს შეადგენს.
ცემენტის ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიი Magnum Group-ის დირექტორი აცხადებს, რომ 2020 წელი ბიზნესისთვის, განსაკუთრებით კი Magnum Group-ისთვის საკმაოდ რთული იყო, რადგან კომპანიამ რეალურად წლის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე თვე იმუშავა.
„რეალურად, მუშაობა 2020 წელს ივნისიდან დავიწყეთ. მანამდე პანდემიის გამო გაჩერებულები ვიყავით, პარალიზებული იყო ყველაფერი, მას შემდეგ რაც აღვადგინეთ წარმოება, რეალიზება კარგად წავიდა, კმაყოფილები ვართ, თუმცა საბოლოო ჯამში, გაყიდვების მაჩვენებელი დაახლოებით 27-28%-ით შემცირებულია,“ - აცხადებს ნიკვაშვილი.
კომპანია Magnum Group-ი 2008 წლიდან ოპერირებს და ფლობს ცემენტის ქარხანას კასპში. კომპანია აწარმოებას ორი ტიპის ცემენტს (M400, M500).