"წამლებზე რეფერენტული ფასწარმოქმნის პრინციპი სწორია, მაგრამ მნიშვნელოვანია გეგმის დეტალები"
ჯანდაცვის სპეციალისტი აკაკი ზოიძე "ბიზნესპარტნიორთან" საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე რეფერენტული ფასწარმოქმნის სისტემას აფასებს.
მისი თქმით, პრინციპი სწორია, მაგრამ, როგორც DRG-ის შემთხვევაში, დეტალები კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
"ამაზე საუბარი დიდი ხნის წინ დაიწყო. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი, ჩატარდა მოკვლევა იმისათვის, რომ გაუმჯობესებულიყო ფინანსური მხარე და ხარისხიან წამლებზე ხელმისაწვდომობა. ერთ-ერთი რეკომენდაცია სწორედ რეფერენტული ფასწარმოქმნის სისტემაზე გადასვლა იყო. რა თქმა უნდა, მხოლოდ ეს არ გადაჭრის პრობლემას. თანაც ცვლილება ეხებოდა მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით მედიკამენტებს, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია და გამოიყენება ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ.
თვითონ პრინციპი სწორია, მაგრამ, როგორც DRG-ის შემთხვევაში, დეტალები კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როგორ კეთდება, რომელ ქვეყნებს ავიღებთ რეფერენტულ, სანიმუშო ფასების განსაზღვრისას, როგორ განვახორციელებთ მონიტორინგს და ასევე, რამდენი დასახელების მედიკამენტს შეეხება ფასწარმოქნის ახალი სისტემა, 300-400-ს როგორც ჩვენი რეკომენდაცია იყო თუ უფრო მეტზე, რამაც შეიძლება ფიზიკური ხელმისაწვდომობის პრობლემებიც შექმნას," – აღნიშნავს აკაკი ზოიძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე, რამდენიმე თვეში რეფერენტული ფასწარმოქმნის სისტემა დაინერგება, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო დააწესებს ზედა ზღვარს, რა ფასად უნდა მოხდეს მედიკამენტების გაყიდვა ან მათი იმპორტი. ფასები კი სხვა ქვეყნებთან შედარების საფუძველზე, კონკრეტული ფორმულით დადგინდება.