ბიზნესი
16/09/2020

"ტყუპების საღვინე სახლი ნაფარეულში“ ქვევრის წარმოებას იწყებს

კომპანია „ტყუპების საღვინე სახლი ნაფარეულში“ კახეთში ქვევრის წარმოებას იწყებს.

„ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გია გამტკიცულაშვილმა განუცხადა, რომ პროექტის ღირებულება დაახლოებით 250 000 ლარი იქნება.

როგორც ბიზნესმენი აცხადებს, ამ დროისთვის  უკვე მომზადებულია პროექტი, დასრულებულია ბიუჯეტზე მუშაობაც და დარჩენილია მხოლოდ ფინანსური რესურსების მოძიება. 

კომპანიის დამფუძნებლებს ორი პროფესია აქვთ, ისინი მშენებელ-ინჟინრები და მევენახე-მეღვინე დეგუსტატორები არიან. ბოლო ათი წელია ქვევრს და ქვევრის ღვინოს ისტორიულად, ეთნოგრაფიულად და მეცნიერულად სწავლობენ.

გია გამტკიცულაშვილი სასურსათო ტექნოლოგიების დოქტორია, შეისწავლა ქვევრის შემადგენელი თიხა-მინერალები და მათი გავლენა ღვინოზე. გელა გამტკიცულაშვილი კი დოქტორანტია, ის ქვევრში ღვინის ბუნებრივად თვითდაწმენდის პროცესს იკვლევს. 

„სამეცნიერო კვლევების შედეგებიდან გამომდინარე ჩვენი მიზანია ავაგოთ თანამედროვე ქვევრის საამქრო, რომელიც აღჭურვილი იქნება ლაბორატორიით, შესაბამისი ინსტრუმენტებით, ხელსაწყოებით. ქვევრი დამზადდება საბადოდან სწორედ შერჩეული თიხა-მინერალებით. ბუნებრივი შრობა, ქურაში გამოწვა წარიმართება სრული ტექნოლოგიური რეჟიმით, მოხდება ტენიანობის და ტემპერატურის მართვა შესაბამისი ხელსაწყოების საშუალებით. ასეთ ქვევრში დამზადებული ღვინო საუკეთესო იქნება ორგანოლეპტიკური თვისებებით,“ - აცხადებს გია გამტკიცულაშვილი. 

კომპანია „ტყუპების საღვინე სახლი ნაფარეულში“ ტყუპი ძმების გია და გელა გამტკიცულაშვილების დაფუძნებულია. მათ 20 წლის წინ ღვინის წარმოება მამა-პაპისგან ნასწავლი მეთოდით დაიწყეს. კომპანიას აქვს ორი მიმართულება, ღვინის წარმოება და ტურიზმი.