"ტოტოს ლავანდები" სურნელოვანი სანთლების წარმოებას გეგმავს
საგურამოსთან ახლოს, 2000 კვადრატულ მეტრზე გაშენებული ლავანდის პლანტაციები, სადაც ახლა ლავანდის რთველი აქტიურ ფაზაშია შესული, მომავალი წლისთვის კიდევ უფრო გაფართოვდება, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ლავანდის ბაღების მფლობელმა და ლავანდის ეთერზეთების მწარმოებელი კომპანია „ტოტოს ლავანდების“ დამფუძნებელმა, ნინო სანიკიძემ განუცხადა.
მისი თქმით, პლანტაციების გაზრდის გარდა, კომპანია მუდმივად მუშაობს პროდუქციის გამრავალფეროვნებაზეც.
„როგორც იცით, ამჟამად, 10 სახეობის პროდუქტს ვაწარმოებთ, მათ შორის - ლავანდის დისტილირებულ წყალს, საშეებს, თვალის ბალიშებს, დამამშვიდებელ როლერებს, რომელიც ლავანდისა და წიპწის ზეთითაა დამზადებული. მომავალი წლისთვის ვაპირებთ კიდევ რამდენიმე პროდუქტი დავამატოთ, ერთ-ერთი მათგანი იქნება ლავანდის ეთერზეთების სურნელოვანი სანთლები. რაც მთავარია, ჩვენი ყველა პროდუქტი არის ორგანული. შეფუთვაშიც ვიყენებთ შუშას და მაქსიმალურად ვერიდებით პლასტმასის გამოყენებას“, - აღნიშნა ნინო სანიკიძემ.
მისივე თქმით, გარდა სილამაზისა, ლავანდას აქტიურად გამოიყენებენ მედიცინაში, რადგან არის ბუნებრივი მკურნალია. მედიცინაში მას მოიხმარენ როგორც ანტიმიკრობულ, ისე დამამშვიდებელ საშუალებას.
„ტოტოს ლავანდების“ დამფუძნებელი ლავანდის ტურისტულ პოტენციალზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ლავანდის ბაღებს როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ვიზიტორები სტუმრობენ.
„წელს პირველად, ჩვენს ლავანდის მინდვრებში გავხსენით კარი და მივიღეთ ვიზიტორები, არ ველოდით ასეთ მოთხოვნას და ასეთ ინტერესს. უამრავი ადამიანი გვწერდა, მოდიოდა, გვეძებდა. ძირითადად, აინტერესებთ თვითონ ბაღის ნახვა, ფოტოსესიებს აწყობენ ბაღებში, ეცნობიან ჩვენს პროდუქციას ადგილზე“, - განმარტა „ტოტოს ლავანდების“ დამფუძნებელმა.
ცნობისთვის, „ტოტოს“ ლავანდების დამფუძნებელმა, ბრიტანული ლავანდის პირველი ნერგები საქართველოში პანდემიის დროს ჩამოიტანა. თუმცა, თავად, პლანტაციების გაშენების იდეა, გაცილებით ადრე, საფრანგეთში, კერძოდ პროვანსში მოგზაურობის დროს გაუჩნდა, სადაც ნანახმა ლავანდის ბაღებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და ამ სურათის ინსპირაციით, რამდენიმე წელში, საგურამოსთან ახლოს, ფერადი პლანტაციები გააშენა.
ლავანდის თვესებების შესწავლის და პლატაციების გაშენების შემდეგ კი, ჯერი წარმოებაზე მიდგა და ასე დამზადდა ლავანდის ეთერზეთები.
„ტოტოს ლავანდების“ პროდუქციის ფასები 5 ლარიდან იწყება და მაქსიმალური ღირებულება 38 ლარია.