Top-3 პროდუქტი აფთიაქიდან, რომელსაც მომხმარებლები Glovo-ს უკვეთავენ
მიტანის სერვისის საჭიროება განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში დადგა. საკმაოდ მოთხოვნადი გახდა მედიკამენტების ონლაინ მიწოდებაც. როგორ მიიღო ბაზარმა ეს სერვისი, მზარდია თუ არა აღნიშნული სეგმენტი და რა პერსპექტივა აქვს, jandacva.ge-ს Glovo-ში ესაუბრნენ.
კომპანიაში განმარტავენ, რომ მათ მედიკამენტების ონლაინ შესყიდვის და მიტანის სერვისი ჯერ კიდევ პანდემიამდე დანერგეს, თუმცა მომხმარებელმა მისი აქტიურად გამოყენება პანდემიის დაწყებისთანავე დაიწყო. სერვისის ღირებულება სტანდარტულია, ტრანსპორტირების საფასური ამ შემთხვევაშიც 3 ლარს შეადგენს. კომპანიაში აცხადებენ, რომ პანდემიის დასაწყისში აფთიაქებიდან მედიკამენტების მიწოდება უფასო იყო, ანუ შესყიდული პროდუქტის ფასს არ ემატებოდა ტრანსპორტირების საფასური. ყველაზე მოთხოვნადი პროდუქცია კი პამპერსი, პრეზერვატივი და პირბადეა.
რაც შეეხება იმას, თუ რა წილი უჭირავს მედიკამენტებს კომპანიის გაყიდვებში, Glovo-ში აცხადებენ, რომ საუბარია 4%-ზე. საკვებზე 70% მოდის, ს-კომერციაზე (სასმელი და სურსათი) -25%, მარკეტები -20%, სწრაფი გზავნილი და „რაც გინდა“ -5%, მაღაზიები -1%.
„Glovo-მ მედიკამენტების ონლაინ შესყიდვის და მიწოდების სერვისი ერთ წელზე მეტია რაც დაიწყო. პიკი კი პირველი ლოქდაუნის დროს იყო, როდესაც ხალხი სახლიდან ვერ გამოდიოდა. ახლა მოთხოვნა შედარებით დასტაბილურდა, თუმცა სეგმენტი მზარდია,“ - აცხადებენ კომპანიაში.
კითხვაზე, აქვს თუ არა 1 წლის წინ ამოქმედებულ მიმართულებას ხარვეზები და რამდენად სწრაფად ხდება მომხმარებლისთვის მედიკამენტების მიწოდება, Glovo-ში განმარტავენ, რომ მიწოდება უახლოესი ნახევარი საათის განმავლობაში ხდება.
„ხანდახან პრობლემაა სააფთიაქო ქსელებში მედიკამენტების მცირე ონლაინ ჩამონათვალი, ანუ არ არის იმ რაოდენობით, რაც რეალურად ქსელშია. ძირითადი პრობლემაა ხოლმე ის, რომ მომხმარებლები გარკვეული ტიპის წამლებს ბაზაში ვერ პოულობენ. დელივერიზე არანაირი პრობლემა არ გვაქვს,“ - აცხადებენ კომპანიაში.
Glovo საქართველოში წარმოდგენილ თითქმის ყველა ბრენდულ სააფთიაქო ქსელთან თანამშრომლობს. მათ შორის, „ავერსთან“, „პეესპესთან“, ჯიპისისთან“, „ფარმადეპოსთან“ და ასე შემდეგ.
„ჩვენ საკმაოდ დიდი ინვესტიციები მოვიზიდეთ და სამომავლოდ, ვფიქრობთ, რომ ყველა მიმართულებით კიდევ უფრო გავაქტიურდებით და განვითარდებით. მათ შორის, მედიკამენტების ონლაინ მიწოდების სერვისის კუთხითაც,“ - აცხადებენ Glovo-ში.
კომპანიის განცხადებით, ამჟამად Glovo-ს ჯამში 250 000-ზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. 2019 წელთან შედარებით კი ბაზარი 75%-ით გაიზარდა.