ბიზნესი
05/01/2021

თხევადი გაზის ასოციაცია პარლამენტს აქციზის გადახედვას სთხოვს

საქართველოს თხევადი გაზის  ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა ხოფერია პარლამენტის ახალ შემადგენლობას ინიციატივით მიმართავს, შეისწავლოს და გადახედოს  IX მოწვევის  საკანონმდებლო ორგანოს დროს მიღებული კანონი. 

როგორც ხოფერია აცხადებს, უნდა მოხდეს სააქციზო განაკვეთის განხილვა, სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება და ამის მიხედვით სამართლიანი ტარიფების დაწესება.

“დღეს მოქმედი ტარიფებით, უბრალოდ გაჩერდა ეს სფერო და აღარ ვითარდება. იხურება თხევადი გაზის ავტოგასამართი სადგურები, შესაბისად, ხალხი უმუშევარი რჩება. ამ გაზრდილი აქციზის გამო, პროდუქტის ღირებულება 45%-ით გაძვირდა,“ - აცხადებს ხოფერია.

მისი ინფორმაციით, მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში ანალოგიური გადასახადი თხევად გაზზე არ არის. ერთადერთია საქართველო, სადაც  1 ტონაზე 300 ლარია აქციზის გადასახადი.

“ბენზინის აქციზთან შედარებით უნდა იყოს 4-ჯერ უფრო ნაკლები. ჩვენთან კი, აქციზის გადასახადი  500 ლარი ბენზინზეა და 300 ლარი თხევად გაზზე, ასე  მსოფლიოს არცეთ ქვეყანაში არ არის.

ზუსტად ამის გამო 500 კაცი უმუშევარი დარჩა. თუ 2019 წელს წელს 20 000 მანქანა გადავიდა თხევად გაზზე, 2020 წელს ეს მაჩვენებელი ნულს შეადგენდა, აღარ არის მოთხოვნა. 6 მილიონი შედიოდა ბიუჯეტში ამ აპარატირების შემოტანის შედეგად. 500 ადამიანი იყო დასაქმებული აპარატურების იმპორტსა და მონტაჟზე", - აცხადებს ხოფერია.