ბიზნესი
19/05/2021

თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით თბილისში "ბასკინ რობინსი" გაიხსნა

თბილისში „ბასკინ რობინსის“ ორი ფილიალი გაიხსნა - ჭავჭავაძის გამზირზე #17-ში და სითი მოლში. 30 წლის შემდეგ, ყველასთვის ცნობილი ბრენდი „ბასკინ რობინსი“ საქართველოში 4 ახალი ობიექტით ბრუნდება. თბილისის მასშტაბით, მხოლოდ მაისის თვეში, „ბასკინ რობინსის“ კიდევ ორი ფილიალი გაიხსნება - თბილისი გალერიასა და ისთ ფოინთში. სამომავლოდ, კომპანიის გუნდი მინიმუმ 20 ობიექტის გახსნას გეგმავს თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში, რაც ნიშნავს 200-მდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნას და მომხმარებლისთვის ფართო ასორტიმენტის შეთავაზებას.

„დღეიდან, ჩვენს მომხმარებლებს სითი მოლის ფილიალშიც შეუძლიათ ესტუმრონ და დააგემოვნონ საყვარელი პროდუქტი. გვიხარია, რომ საქართველოში საერთაშორისო ბრენდის დაბრუნების შესაძლებლობა მოგვეცა. ზოგადად ნებისმიერი ბიზნეს წამოწყება ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია, თუმცა  ვფიქრობ, საერთაშორისო ბრენდების საქართველოში შემოსვლა ორმაგად სასიხარულოა, რადგან ეს დადებითად მოქმედებს როგორც ეკონომიკაზე, ასევე ქვეყნის იმიჯზე,“ - ნოდარ ყანჩაველი, „ბასკინ რობინს“ საქართველოს თანადამფუძნებელი.

თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით, „ბასკინ რობინსმა“ საქმიანობისთვის საჭირო დანადგარები, კერძოდ, სპეციალური მაცივრები შეიძინა. ინვესტიციამ 100 000 ლარი შეადგინა.

„მოხარულები ვართ, რომ ხელს ვუწყობთ ასეთი ხარისხიანი და წარმატებული ბრენდის დაბრუნებას ჩვენს ქვეყანაში. ამით აღნიშნული პროექტი ჩვენი კომპანიის მრავალრიცხოვანი და წარმატებული სტარტაპ პროექტების სიაში ჩაეწერება. ჩვენ და ჩვენმა პარტნიორებმა პანდემიის პერიოდში მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და მზად ვართ, მომავალშიც მხარი დავუჭიროთ ასეთ წამოწყებებს,“ - გაგა გოგუა, თიბისი ლიზინგის დირექტორი.

ამერიკული ბრენდი “ბასკინ რობინსი” 1945 წელს, კალიფორნიაში, ბურტ ბასკინისა და ირვ რობინსის მიერ დაარსდა. ნაყინების ინდუსტრიაში ის მსოფლიოში ყველაზე დიდ ქსელს წარმოადგენს და დღეისათვის, მსოფლიო მასშტაბით, 8000 კაფეს მოიცავს. ბრენდი ოპერირებს 50 ქვეყანაში, მათ შორის, უკვე საქართველოში.

თავდაპირველად „ბასკინ რობინსი“ 31 სახეობის ნაყინს სთავაზობდა მომხმარებელს, რაც მათ ლოგოშიც აისახებოდა. რიცხვი „31“ აღნიშნავდა შესაძლებლობას, მომხმარებელს თვის განმავლობაში, ყოველ დღე, ახალი გემო გაესინჯა.

დღეს კომპანიაში უკვე 1300-მდე სახეობის ნაყინი იწარმოება, მათ შორის ვეგანური. აღსანიშნავია, რომ „ბასკინ რობინსის“ ნაყინები არ შეიცავს გლუტენს, პროდუქცია მზადდება ნამდვილი ნაღებისგან და არის პრემიუმ ხარისხის ნაწარმი.