ბიზნესი
11/05/2021

თიბისი ბიზნესი VIS Kitchen-ის პარტნიორია

ბოლო წლებში, განსაკუთრებული სისწრაფით განვითარებული შინ მიტანის სერვისის კვალდაკვალ, ბევრმა რესტორანმა და კვების ობიექტმა ახალ რეალობაზე სწრაფად გადაწყობა მოახერხა, მაგრამ VIS Kitchen პირველი მულტი ბრენდული ვირტუალური რესტორანია თბილისში, რომელმაც რადიკალური გზა აირჩია. VIS Kitchen-ს მხოლოდ მიტანის სერვისი აქვს. თავიდანვე გადაწყდა, სწორედ ეს ქცეულიყო კონცეფციის საფუძვლად და – როგორც დაფუძნებიდან მეხუთე თვეს გამოჩნდა – წარმატების გარანტიადაც. მომსახურების სისწრაფე და ხარისხი რესტორნის საფირმო ნიშანია.

ნიკუშა მერკვილაძეს სამზარეულოსა და სარესტორნო საქმესთან კავშირი ბავშვობიდანვე ჰქონდა. რესტორატორი მამის წყალობით, ამ საქმით პატარაობიდანვე იყო დაინტერესებული, მაგრამ გადაწყვეტილება, საკუთარი რესტორანი გაეხსნა, მილანში სწავლის პერიოდში მიიღო:

„იტალიაში 4 წელი ვცხოვრობდი და მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საუნივერსიტეტო კურსი სულ სხვა პროფესიას უკავშირდებოდა, ჩემდაუნებურად მიწევდა იტალიელების კვების კულტურაზე, იტალიურ სამზარეულოსა და მომსახურების სფეროზე დაკვირვება. რესტორნისა და სტუმრის ურთიერთობა სრულიად განსხვავებულია ჩვენთან არსებულისაგან. კლიენტს, მითუმეტეს მუდმივ კლიენტს,  რესტორანი ოჯახის წევრად აღიქვამს და შესაბამისად ეპყრობა. ეს მათი ხასიათიცაა და მარკეტინგის ნაწილიც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია,” - ამბობს VIS Kitchen-ის დამფუძნებელი, ნიკუშა მერკვილაძე.

იტალიაში გატარებულ წლებს დაემთხვა სწორედ საკვების შინ მიტანის სერვისის ბუმი. საქართველოში დაბრუნებულს, აქაც იგივე ტენდენცია დახვდა. პარტიორთან ხარგრძლივი განხილვის, დეტალურად გაწერილი კონცეფციის და საგულდაგულოდ შერჩეული თანამშრომლების შეკრების შემდეგ, რესტორანი დაგეგმილ დროს ამუშავდა და პრიოროტეტებისა და მაღალი დონის სერვისის წყალობით, გურმანებშიც მალევე გაითქვა სახელი.

„ტრადიციული რესტორნისთვის, როგორც წესი, ყოველთვის უპირობო პრიორიტეტს წარმოადგენს ის კლიენტი, რომელიც ადგილზეა, მე კი ვიფიქრე, რატომ არ შეიძლებოდა, გაკეთებულიყო რესტორანი, რომლისთვისაც შინ მყოფი და რესტორანთან ონლაინ ურთიერთობის მქონე ადამიანი იქნებოდა მთავარი. ასე გადავწყვიტეთ ამ სტარტაპის დაწყება“.

VIS Kitchen ოთხ სამზარეულოს, ოთხ მენიუს სთავაზობს მომხმარებელს. ბურგერის, პიცის, შაურმისა და ქართული მენიუსადმი მიდგომა რესტორანში ისეთივე განსაკუთრებულია, როგორც მომხმარებლისადმი დამოკიდებულება. ყველა მენიუს თავისი შეფ მზარეული ჰყავს, რომელიც მას ადგენს და აკონტროლებს. VIS Kitchen ამტკიცებს, რომ „ჯანქფუდად“ ცნობილი საკვები, მაგალითად, შაურმა, შეიძლება ჯანსაღი იყოს. აქ, სხვა ინგრედიენტების ხარისხთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება ხორცის ხარისხს ექცევა.

კიდევ ერთი სიახლე, რომლითაც რესტორანი ამაყობს და რაზეც მთლიანად არის დამოკიდებული სერვისის ხარისხი, პროცესის ავტომატიზაციაა:

„ბევრ ქართულ რესტორანს უჭირს ამ მხრივ. ჩვენთან პროდუქტის მიღება, დამზადება, გატანა უმცირეს დეტალებამდეა სტანდარტიზებული და, შესაბამისად, მთლიანად პროცესი ძალიან ეფექტურია. მიუხედავად იმისა, რომ  VIS Kitchen-ში ამ სფეროში უკვე დიდი გამოცდილების მქონე ადამიანები მუშაობენ, ყველა მათგანს უტარდება საგანგებო ტრენინგი, რომლის მიზანიც სწორედ სტანდარტისა და ავტომატიზაციის პროცესის გაცნობაა“.

ავტომატიზაციის პროცესი შესაბამის დანადგარებს და ტექნიკას მოითხოვს. სწორედ აქ შედგა თიბისი ბიზნესისა და რესტორნის წარმატებული თანამშრომლობა:

„ამ ეტაპზე თიბისი ჩვენი ერთადერთი ფინანსური პარტნიორია. ვთანამშრომლობთ როგორც საოპერაციო კუთხით, ასევე გვაქვს მათგან დაფინანსება, რომლიც გამოვიყენეთ საბრუნავი სახსრების დასაფინანსებლად. ინვესტირება მოხდა ასევე ტექნოლოგიაშიც. KDS, იგივე Kitchen Display System, რომლითაც მუშაობს ჩვენი რესტორანი, სწორედ თიბისის დახმარებით შევიძინეთ. სისწრაფე ჩვენი კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი პუნქტია.  ეს სისტემა კი საშუალებას გვაძლევს, ვიყოთ ჩვეულებრივ რესტორნებზე უფრო მოქნილები, დავზოგოთ დრო, ენერგია და ადამიანური რესურსი. თიბისის მხარდაჭერა დასაწყისში მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ სამომავლო პარტნიორობა, რომელსაც ვგეგმავთ, არანაკლებ მნიშვნელოვანია.”

რესტორანი ამჟამად თბილისის ოთხ უბანს, ვაკეს, ვერას, მთაწმინდასა და საბურთალოს ფარავს. უახლოეს მომავალში კი გაფართოება და Take Away სერვისის დამატება იგეგმება.