The Giraffe Kids: საექსპორტო ბაზრებზე დიდ პოტენციალს ვხედავთ
ქართული საბავშვო სამოსის ბრენდი The Giraffe Kids საექსპორტო მასშტაბების გაზრდას გეგმავს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ მიმართულებით დიდი პოტენციალი არსებობს.
"ბოლო 2 წელია აქტიურად ვთანამშრომლობთ აშშ-სთან და სისტემატურად ვაწვდით ჩვენს პროდუქციას. გასულ წელს საექსპორტო ქვეყნებს დავამატეთ იაპონიაც. ასევე მოლაპარაკებები გვაქვს დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ ონლაინ პლატფორმასთან, რომელიც ჩვენი პროდუქციის რეალიზაციით დაინტერესდა.
საკმაოდ დიდ პოტენციალს ვხედავთ საექსპორტო ბაზრებზე და სამომავლოდაც ამ მიმართულებაში ჩავდებთ ჩვენს ძირითად რესურსს. მუდმივად ვმუშაობთ კოლექციის განახლებასა და დახვეწაზე და იმედი გვაქვს, რომ მომავალში მეტ ქვეყანას დავაინტერესებთ ჩვენთან ურთიერთობით," – აცხადებს ბრენდის თანადამფუძნებელი, ნინი ჯოხაძე.
ამ ეტაპზე The Giraffe Kids-ის სამოსის რეალიზაცია ხდება ონლაინ, Facebook და Instagram -ის მეშვეობით. მალე გაეშვება კომპანიის ვებ–გვერდიც. მომხმარებელს საშუალება აქვს შეიძინოს თითქმის ყველა სტილისა და საჭიროების სამოსი. გარდა ამისა, ზამთრის სეზონისთვის შექმნილია სპეციალური ხელით ნაქსოვი პროდუქცია, მათ შორის სხვადასხვა აქსესუარებიც. ადგილობრივი ტექსტილის წარმოება ძალიან ლიმიტირებულია, შესაბამისად კომპანია იმპორტირებულ ტექსტილზეა ორიენტირებული.
"ონლაინ გაყიდვების სერვისი პანდემიამდეც გამართული გვქონდა და საკმაოდ მომზადებული შევხვდით ამ გამოწვევას. შედარებით რთული გადასალახი აღმოჩნდა გამოწვევები წარმოების ნაწილში. გართულდა როგორც ნედლეულის შეძენა, ასევე უშუალოდ წარმოების დისტანციურ მუშაობაზე გადაყვანა. საერთო ჯამში, პანდემიამ გაყიდვებზე საკმაოდ დადებითად იმოქმედა. თუმცა, ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ბავშვის პროდუქციაზე მოთხოვნა მცირეა. გაცილებით დიდი პოტენციალია ექსპორტის თვალსაზრისით.
აქტიურად ვთანამშრომლობთ საკურიერო კომპანიებთან, რაც გვაძლევს საშუალებას განვახორციელოთ ამანათების მიღება-ჩაბარების სწრაფი და კომფორტული სისტემა, რაც დაგვეხმარა ახალი COVID-19 ინფექციით გამოწვეული ცვლილებების ფონზე ჩვენს პროდუქციაზე 3-ჯერ გაზრდილი მოთხოვნა დაგვეკმაყოფილებინა.“–აღნიშნავს The Giraffe Kids–ის თანადამფუძნებელი რუსუდან გვაზავა.
ინფორმაციისთვის, The Giraffe Kids 2017 წელს დაფუძნდა და მომხმარებლებს გამორჩეული დიზაინის, კომფორტული საბავშვო სამოსი შესთავაზა, რომელიც შესთავაზა 0 თვიდან 12 წლის ასაკამდე პატარებისთვისაა განკუთვნილი.
აღსანიშნავია, რომ "საქართველო ახლოს ევროპასთან" (Gclose2EU)-ს 70%-იანი თანადაფინანსებით 2020 წელს სრულად გადაიარაღდა საწარმოო დანადგარები.
ამასთან, კომპანიამ "აწარმოე საქართველოს" მხარდაჭერით რამდენჯერმე მიიღო მონაწილეობა Pitti Bimbo-ს (ფლორენცია, იტალია) და Playtime-ის (პარიზი, საფრანგეთი) გამოფენებზე.