ბიზნესი
30/11/2022

თევზის გადამამუშავებელი კომპანია "უმალი" დაიხურა

კომპანია „უმალი“ დაიხურა. აღნიშნული ინფორმაცია „ბიზნესპარტნიორს“ თავად კომპანიაში დაუდასტურეს.

მათი ინფორმაციით, „უმალში“ წარმოების პროცესი 2022 წლის მაისიდან შეწყვეტილია. რატომ შეაჩერა თევზის და თევზის პროდუქტების მწარმოებელმა კომპანიამ მუშაობა და განიხილავს თუ არა გარკვეული პერიოდის შემდეგ წარმოების დაწყებას, ამაზე კომპანიაში არ საუბრობენ, თუმცა, აცხადებენ, რომ „უმალი“ წარმოებას უახლოს მომავალში განაახლებს.

შეგახსენებთ,  კომპანია „უმალი“ ოქტომბერში თევზის პაშტეტის და ე.წ შპროტის (ქარსალა) წარმოებას გეგმავდა. ორივე პროდუქტი მინის ქილებში უნდა ყოფილიყო.

დამუშავების პროცესში იყო  კიდევ რამდენიმე პროდუქტი, რომლის წარმოების  დაწყებასაც „უმალი“ ეტაპობრივად  გეგმავდა. მათ შორის,დაგეგმილი იყო  თევზის გაყინული ფორმით რეალიზაციაც.

ცნობისთვის, საინვესტიციო და განვითარების კომპანიამ “სინერჯი“, „უმალის“ 20%-იანი წილი 2021 წლის აგვისტოში შეიძინა.

რაც შეეხება „უმალს“, ის 2017 წლის ივლისიდან ოპერირებს და თევზპრუდუქტებით ამარაგებდა საქართველოს მთელ ტერიტორიას. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი თევზის გადამამუშავებელი საწარმო - "უმალი" ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისში მდებარეობს და მასში ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა იყო დასაქმებული.

 

 

Businesspartner