ბიზნესი
13/04/2021

თერჯოლის მუნიციპალიტეტში ფეროშენადნობების ახალი საწარმო ამოქმედდება

თერჯოლის მუნიციპალიტეტში ფეროშენადნობების ახალი საწარმო ამოქმედდება.

კომპანია „მანგანეზ ინდასთრის“ სახელმწიფოსგან 61506 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცა.

საწარმოში 100 ადამიანი დასაქმდება.

საწარმოს პროექტის ხელშეწყობის გადაწყვეტილება, ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით, საქართველოს მთავრობამ უკვე მიიღო.

კომპანია სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებას იღებს, რომ საწარმოს მაქსიმუმ ორი წლის ვადაში შექმნის და ამისთვის არანაკლებ 1 722 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
პროექტი ფეროსილიკომანგანუმის ორი საწარმოო ხაზის შექმნას ითვალისწინებს, რომელთა ჯამური წარმადობა წელიწადში 16 000 ტონა იქნება.

წარმოებული პროდუქცია ძირითადად საექსპორტო ბაზრებისთვის იქნება განკუთვნილი, რაც ქვეყანაში მილიონობით დოლარის შემოდინებას უზრუნველყოფს.

კომპანიის ინფორმაციით, წარმოების ამოქმედება და პროდუქციის ექსპორტის ზრდა პოზიტიურ გავლენას მოახდენს ქვეყნის მთავარ ეკონომიკურ ცვლადებზე, როგორებიცაა ვალუტის გაცვლითი კურსი, დასაქმება, შრომის პროდუქტიულობის ზრდა, ტექნოლოგიური პროგრესი და ა.შ.