ბიზნესი
30/03/2023

"ტენემ" ბაზარზე პლასტმასის ჭიქების კოლექტორი გამოიტანა

"ტენე“-მ ბაზარზე ჭიქების კოლექტორი გამოიტანა. როგორც გადაცემა „ბიზნესი რუსთავი 2“-თან კომპანიის დამფუძნებელი სანდრო ლილუაშვილი აცხადებს,პლასტმასის ჭიქების კოლექტორი საქართველოში მზადდება და მისი ფასი 300 ლარია. 

მისი ინფორმაციით,  პლასტმასის ჭიქები, რომელიც ყოველდღიურად მილიონობით  გამოიყენება და შემდეგ ნაგავსაყრელებზე აღმოჩნდება ხოლმე, გადამუშავებას ექვემდებარება.

შესაბამისად, აპარატი, რასაც კომპანია „ტენე“ სთავაზობს მომხმარებელს, პლასტმასის ჭიქებს შეაგროვებს, რომელსაც კომპანია თავად ჩაიბარებს და შემდეგ შესაბამის დაწესებულებებს  გადასამუშავებლად მიაწვდის.

„ტენე“-ს დამფუძნებლის განმარტებით, აპარატში სამასამდე ჭიქის დატევაა შესაძლებელი კომპაქტურად, ვერტიკალურ მდგომარეობაში. მისივე ინფორმაციით, მისი შეძენა ამ ეტაპზე ონლაინაა შესაძლებელი. 

აღსანიშნავია, რომ კომპანიისთვის პროექტი პლასტმასის ნარჩენებზე პირველი არ არის. „ტენე“-მ  ცოტახნის წინ დააანონსა, რომ ქალაქში სულ მალე თუნუქისა და პლასტმასის ბოთლიყლაპია აპარატები გამოჩნდებოდა, რაც დროში გაჭიანურდა, თუმცა ლილუაშვილის ვარაუდით,  ბოთლიყლაპია აპარატი ბაზარზე  2 თვეში შემოვა.

აპარატის გამოყენების შემთხვევაში კი მომხმარებელი შეძლებს ქულების დაგროვებას და როგორც  „ტენე“-ს ასევე „ჯინვენტორი“-ს ონლაინ მაღაზიებში ფასდაკლებების მიღებას. თუმცა თუ მუნიციპალიტეტი და სახელმწიფო სისტემა ჩამოყალიბდება, რომ დეპოზიტური სისტემა დაინერგოს, მაშინ მომხმარებლები ქულების მაგივრად თანხის მიღებასაც შეძლებენ.

ცნობისთვის, ეკომეგობრული USB სადენების მწარმოებელი ქართული კომპანია „ტენე“ ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს, გასული წლის დასაწყისში კი კომპანიამ საწარმო წეროვანში, დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში გახსნა, სადაც 30-მდე დევნილს ასაქმებს. საწარმოს მოსაწყობად ინვესტიციამ 200 000 აშშ დოლარი შეადგინა, „აწარმოე საქართველოში“ და საქართველოს ბანკის ხელშეწყობით. „ტენეს“ საწარმოში დღიურად 600 USB სადენი მზადდება, მათი ნაწილი კი Amazon-ის საშუალებით აშშ-ში გადის ექსპორტზე.

 

Businesspartner