თემურ ჭყონია: ახალი არჩევნების დანიშვნით ბიძინა ივანიშვილი უფრო დემოკრატი გახდება
თემურ ჭყონია „ბიზნესპარტნიორთან“ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას ეხმაურება. ბიზნესმენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მკაფიოდ ჩამოაყალიბა წასვლის მიზეზები, მისმა ამ ნაბიჯმა საზოგადოებაში მაინც კითხვები დატოვა.
„ის, რომ საზოგადოებას ბიძინა ივანიშვილის არ სჯერა, არის არა ივანიშვილის, არამედ, საზოგადოების ეჭვიანობის ბრალი, რომელიც მენტალურად დიდი ხნის განმავლობაში არსებობს,“ - აცხადებს ჭყონია.
კითხვაზე, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საზოგადოებამ დაიჯეროს ბიძინა ივანიშვილის იმ განცხადების, რაც მან ბოლოს, პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით გააკეთა, ჭყონია აცხადებს, რომ გამოსავალი მხოლოდ ახალი არჩევნებია.
„ის ხალხი, ვინც ჩვენ ავირჩიეთ, არჩეულია ბატონი ბიძინას ხათრით, ვინც დატოვა, ის ხალხი კი ბიძინას გარეშე არჩეული არ არის. ეს ხალხი შესაძლებელია თავისი ავტორიტეტით მოსულიყო პარლამენტში, მაგრამ ამხელა რეიტინგით, მხოლოდ ბიძინას საშუალებით მოვიდნენ. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილმა თავისი დემოკრატიულობა რომ დაამტკიცოს და გაფანტოს საზოგადოების და ზოგადად, მსოფლიოს პოლიტიკურ წრეებში არსებული ეჭვი, თითქოს ის მაინც ჩრდილში რჩება, უნდა ეცადოს, რომ დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები,“ - აცხადებს თემურ ჭყონია.
მისი განცხადებით, ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის წასვლით პოლიტიკური ცხოვრება იცვლება, აქედან გამომდინარე, ეს ცვლილება ყველანაირად უნდა მოხდეს. „თუ თავიდან დაინიშნება არჩევნები, ის ამით უფრო დიდი დემოკრატი გახდება,“ - აცხადებს ჭყონია.
ახალი საპარლამენტო არჩევნები, ხომ არ არევს ქვეყანაში პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებას, ჭყონია ამას არ გამორიცხავს, თუმცა, იქვე განმარტავს, რომ უნდა ავიჩიოთ და განვსაზღვროთ ორი მომენტიდან რომელი უფრო შედეგიანი იქნება.
“ვგულისხმობ, ორ სცენარს, პირველი - აირიოს და შემდეგ სწორად დალაგდეს თუ მეორე - ეს სიტუაცია გაგრძელდეს აურევლად,“ - აცხადებს ჭყონია.
რაც შეეხება იმას, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ შეიცვლება თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური კურსი, ვითარება და ბიზნესის მიმართ მიდგომა, ჭყონია აცხადებს, რომ როდესაც მწვრთნელი იცვლება, გუნდი უნდა გადალაგდეს, მთელს მსოფლიოში ასეა.
„მწვრთნელის გარეშე გუნდი ეძებს ახალ გზებს. ყველა მწვრთნელს აქვს თავისი მართვის ფილოსოფია, როგორ შეიძლება მართვის სტილი გამოაკლდეს და მართვა გაგრძელდეს. მაშინ რა საჭიროა მეთაური? თუ მეთაური გამოაკლდა და გუნდი აგრძელებს იგივე გზას, მეთაურების როლი მსოფლიოში აუცილებელი არ ყოფილა. მაშინ არ ყოფილა აუცილებელი ტეჩერი, სტალინი, ჩერჩილი. ცვლილებების მოლოდინი მექნება მაშინ, როდესაც გამოჩნდება ახალი ლიდერი, რომელიც აუცილებელია.
კოლექტიური აზროვნება დამღუპველია, ჩვენ კოალიციური მთავრობა კი არ გვჭირდება, გვჭირდება კოალიციური ინტელექტი იმიტომ, რომ კოალიციურ მთავრობაში შეიძლება მივიღოთ ისეთი შემადგენლობა, რომელიც აგებული იქნება პარტიულ სულისკვეთებაზე. ჩვენ კი კოლექტიური ინტელექტი გვჭირდება,“ - აცხადებს ჭყონია.
ბიზნესმენი აცხადებს, რომ არ ეთანხმება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მინისტრის შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ბიზნესს ღირსება და თავისუფლება დაუბრუნა.
„მე მას ვპასუხობ, რომ საქართველოში ბიზნესი უღირსი არასდროს ყოფილა. ეს სიტყვა შეურაცხმყოფელია. რა გამოდის, რომ ბიზნესს წლების განმავლობაში უღირსი ხალხი აკეთებდა? ეს როგორ შეიძლება, ეს ბიზნესის მიმართ არასწორი შეფასებაა. ღირსებას სხვა დატვირთვა აქვს, თავისუფლებას-სხვა. უამრავ ბიზნესმენს ვიცნობ და ყველას აქვს თავისი ღირსეული მომენტები. შესაძლებელია ადამიანს თავისუფლების მომენტი სხვადასხვა ჰქონდეს, მაგრამ როგორ შეიძლება უღირსი ბიზნესმენები ქმნიდნენ ამხელა ეკონომიკას?“ - აცხადებს თემურ ჭყონია.
დაუბრუნდა თუ არა „ქართული ოცნების“ პირობებში ბიზნესს თავისუფლება, ჭყონია აცხადებს, რომ ბიზნესმენებმა თავისუფლება თვითონ უნდა მოიპოვონ.
„მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არავინ არავის არ მიანიჭებს თავისუფლებას. თუმცა, ამის მოპოვება შესაძლებელია მართალი ცხოვრებით,სწორი ტექნოლოგიებით,სწორი აზროვნებით და საზოგადოებაში სწორი ადგილის პოვნით.ვიღაცამ მოგანიჭა თავისუფლება-ეს 19-ე საუკუნის მენტალიტეტია“-აცხადებს ჭყონია.
შეგახსენებთ, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილმა წერილი გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ის მიდის პოლიტიკიდან ამაყი, გამარჯვებული და ხალხის მადლიერი.