ბიზნესი
28/01/2021

ტელეკომპანია “იმედს“ ირაკლი რუხაძის კომპანია Hunnewell Partners-ი ყიდულობს

ტელეკომპანია „იმედს“ Hunnewell Partners-ი ყიდულობს. საუბარია, ჰანიველ პარტნერს-ის ერთ-ერთ ქვესტრუქტურაზე, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“  Hunnewell Partners-ის დამფუძნებელმა  ირაკლი რუხაძემ განუცხადა.

„მე და ჩემი პარტნიოები ვყიდულობთ. უფრო სწორედ, ორი წლის წინ ვიყიდეთ. უბრალოდ, გადაფორმება გაჭიანურდა სტრუქტურული მიზეზების გამო. დღეს მივიღეთ ფორმალური თანხმობა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიიდან. რამდენიმე თვეში დავხურავთ გარიგებას და გამოვაცხადებთ. ტელეკომპანიას ჯერ ისევ ინა გუდავაძე ფლობს,“- განუცხადა ირაკლი რუხაძემ „ბიზნესპარტნიორს“.

ირაკლი Hunnewell Partners-ის (www.hunnewellpartners.com) პარტნიორი დამფუძნებელია. 2018 წლამდე Hunnewell Partners აქტივების მართვის მულტი იურისდიქციულ ორგანიზაციას წარმოადგენდა, რომელიც წარმოდგენილი იყო ოფისებით ლონდონში, მაიამიში, თბილისში, კიევში, მალაგაში და ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე. ორგანიზაციის პარტნიორები მართავდნენ აქტივებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ასევე მაღალი პროფილის მქონე პერსონების განსაკუთრებულად მაღალი ღირებულების აქტივებს.

საქართველოში Hunnewell Partners-ის პორტფელი წარმოდგენილია ქვეყნის უმხსვილესი და მაღალი ცნობადობის მქონე ორგანიზაციებით როგორებიცაა მაგთიკომი, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, ჰაიდელბერგ ცემენტი, ლიბერთი ბანკი, აიდიეს ბორჯომი და ტელე იმედი. ირაკლი რუხაძე ამ და სხვა კომპანიების სამეთვალყურეო საბჭოს წევრია როგორც საქართველოში, ისე სხვა ქვეყნებშიც.