ბიზნესი
17/06/2021

თელავში ღვინის ქარხანა "ვაინ კახეთი" იხსნება

თელავში, ღვინის ქარხანა „ვაინ კახეთი“ დაახლოებით 2 თვეში გაიხსნება, ყურძნის პირველ მოსავალს კი სექტემბერში მიიღებს.

როგორც კომპანია "ვაინ კახეთის“ დირექტორი ლევან ზილფიმიანი  „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, კომპანია პანდემიის მიუხედავად აგრძელებს ინვესტიციების განხორციელებას. ამჟამად მიმდინარეობს ქარხნის მშენებლობის ბოლო ეტაპი.

მისი განცხადებით, კომპანიის საკუთრებაშია 150 ჰექტარ ვენახი, საიდანაც  კომპანია დაახლოებით 10 დასახელების ღვინის წარმოებას გეგმავს. ზილფიმიანი აცხადებს, რომ კომპანია ყურძენს  ადგილობრივებისგანაც ჩაიბარებს.

რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, განხილვაშია თითქმის ყველა ქვეყანა, მათ შორის ევროპის ქვეყნები.  

პროექტში რამოდენიმე მილიონი დოლარის ინვესტიცია ხორციელდება და იმ კომპლექსის ნაწილია, რომელიც თელავში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ყოფილი მევენახეობა-მეხილეობის კვლევითი ინსტიტუტის ადგილზე ხორციელდება.

კომპლექსში შევა 150 ნომრიანი სასტუმრო, იგეგმება მუზეუმის მოწყობაც. კომპლექსი სრულად რამდენიმე წელში დასრულდება.