თელავის ღვინის მარანი: ვცდილობთ ადაპტაციას, პანდემიაზე მორგებული პროდუქტების შეთავაზებას
„თელავის ღვინის მარანი“ ცდილობს მოერგოს პანდემიას და მომხმარებელს ახალი ტიპის პროდუქტები შესთავაზოს, -ამის შესახებ “ბიზნესპარტნიორს“ „თელავის ღვინის მარანის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ზურა რამაზაშვილმა განუცხადა.
მისი ინფორმაციით, პანდემიის პერიოდში შეიცვალა მომხმარებლის როგორც ქცევა, ისე მოთხოვნილება, შეიცვლა მოხმარების ადგილი, რომელმაც რესტორნიდან სახლში გადაინაცვლა.
“რამდენ ხანს გაგრძელდება ეს არ ვიცით, ამიტომ შეიძლება ახალი ტიპის პროდუქტებზეც იფიქროს კაცმა. თუ არსებობს რაიმე სტატისტიკა, ამას მოძიება სჭირდება, რათა ახალ რელსებზე გადავიდეთ და მომხმარებელს ავეწყოთ,“ - აღნიშნავს რამაზაშვილი.
მისი განმარტებით, შესაძლებელია მომხმარებელისთვის სხვადასხვა ტიპის ღვინის შეთავზება.
„ბევრი რამის მოფიქრება შეიძლება. ფქვილისგან გამოდის პურიც და მისგან გამოდის კრუასანი და ტორტიც. ღვინო არის მშრალი, ტკბილი, ნახევრად მშრალი, ნახევრად ტკბილი, შუშხუნა, ცქრიალა, შემაგრებული და ასე შემდეგ. კიდევ შეიძლება რაღაც იყოს, რამაც შეიძლება გაამართლოს. ვფიქრობთ ამაზე. ბიზნესის იდეაც ამაში მდგომარეობს, რომ ის უნდა იყოს მოქნილი და ადვილად ადაპტირებადი გარემოზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიზნესი იკარგება. რადგან გარემო შეიცვალა, გარკვეული ადაპტაცია მოგვიწევს, ან შეგუება არსებულ სიტუაციასთან,“ - აცხადებს რამაზაშვილი.