ბიზნესი
21/04/2021

თელავის ღვინის მარანი: გაურკვევლობის ფონზე ქართულ ღვინოზე მოთხოვნა გაზრდილია

„თელავის ღვინის მარანის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ზურა რამაზაშვილი „ბიზნესპარტნიორს“ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით კომპანიის  მოლოდინებზე ესაუბრა. მისი განცხადებით, სიტუაცია გაურკვეველია, შესაბამისად, მოლოდინებიც  ასეთივეა.

„არავინ იცის რა მოხდება. შესაბამისად, რა იქნება, ამაზე პროგნოზის გაკეთება რთულია, უნდა დაველოდოთ. ჩვენს კომპლექსში ვაგრძელებთ მცირე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, მათ შორის, სასაწყობე მეურნეობის მშენებლობას, თუმცა მასშტაბურს არაფერს,“ - აცხადებს რამაზაშვილი.

მისი ინფორმაციით, საექსპორტო ბაზრებზე მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა, თუმცა, სხვა სიტუაციაა საქართველოს შემთხვევაში, რადგან ადგილობრივად  HoReCa სექტორი თითქმის არ მუშაობს.

ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისებასთან დაკავშირებით რამაზაშვილი აცხადებს, რომ ექსპორტი ძირითადად, არსებულ ქვეყნებში მოცულობების ხარჯზე გაიზარდა.

„ღვინის ბაზარი ზოგადად ძალიან ტრადიციულია, ესენია პოსტ საბჭოთა ქვეყნები, აღმოსავლეთ ევროპა, დასავლეთ ევროპის ნაწილი, აშშ და ჩინეთი. ეს არის ძირითადი ბაზრები,“ - აცხადებს რამაზაშვილი.

ცნობილია, რომ ღვინო საექსპორტო ბაზარზე პოზიციებს იბრუნებს. I კვარტალში უცხოეთში 43.935 მლნ დოლარის ღვინო გავიდა, 0.7%-ით ნაკლები 2020 წლის პირველ კვარტალთან შედარებით.