თელავის აეროდრომში ამ ეტაპზე მხოლოდ სასწავლო ფრენები მიმდინარეობს
საავიაციო უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებულ თელავის აეროდრომ „მიმინოში“ ამ ეტაპზე მხოლოდ სასწავლო ფრენები მიმდინარეობს, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ემზარ ბარბაქაძემ განუცხადა.
რაც შეეხება დაანონსებულ ჩარტერულ რეისებს, ბარბაქაძე განმარტავს, რომ დაინტერესების შემთხვევაში აეროდრომს ამის შესაძლებლობაც აქვს, თუმცა პანდემიის გამო ეს მიმართულება შეჩერებულია. „სანამ პანდემიაა, სავარაუდოდ, სხვა ვერც ვერაფერი დაიგეგმება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში და თუ სიტუაცია მოგვცემს საშუალებას, 20 ადგილიანი თვითმფრინავით ჩარტერული რეისის შესრულებაც შესაძლებელია,“ - განაცხადა ბარბაქაძემ.
ცნობილია, რომ თელავის აეროპორტის რეაბილიტაცია 2020 წელს დასრულდა.
როგორც ცნობილია, აეროპორტ „მიმინოში“ გასული საუკუნის 90-იანი წლების შემდგომ, 2020 წლის აპრილში პირველი კომერციული შიდა რეისი მარშრუტით „ნატახტარი - თელავი“ შესრულდა. აეროპორტი სრულად სერტიფიცირებულია კატეგორიით, რომელსაც 5 500 კილოგრამამდე საჰაერო ხომალდის მიღება შეუძლია. „მიმინო“ 2013 წლიდან საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ბალანსზეა და ძირითადად, სასწავლო დანიშნულებით გამოიყენება.