ბიზნესი
23/04/2021

თეკუნა გაჩეჩილაძე: ტურისტებში ყველაზე პოპულარული ხინკლის მომზადების კურსები იყო

ცნობილი შეფ-მზარეული თეკუნა გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ კულინარიული სკოლა „კულინარიუმი“ ამ ეტაპზე ფუნქციონირების გაგრძელებას ვერ ახერხებს. მისი განმარტებით, რეგულაციების დაცვით მუშაობა შესაძლებელია, თუმცა მოთხოვნა არ არის.

„2020 წლის აპრილიდან, როგორც კი სკოლები დაიხურა, აღარ გვქონდა ფუნქციონირების საშუალება, ახლა ოფიციალურად გვაქვს მუშაობის უფლება, თუმცა დიდი შეზღუდვებით. შეგვიძლია მაქსიმუმ 6 კაციანი ჯგუფი გვქონდეს, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ერთი კლასტერია.  რამდენიმე კლასი ჩავატარეთ, ახლა აქტივობა შემცირდა. კურსები 1 დღიანია, თუმცა, პანდემიამდე გვქონდა როგორც 1 თვიანი, ისე 3 თვიანი კურსები,“ - აცხადებს გაჩეჩილაძე.

კითხვაზე, როდის განაახლებს კულინარიული სკოლა ფუნქციონირებას, გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ ყველაფერი ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. მისი განცხადებით, ქვეყანაში გასტრონომიაზე ინტერესი დიდია, თუმცა პრობლემა დისტანციაა.  

რაც შეეხება ფასებს, ტარიფები დამოკიდებულია რა ტიპის კლასს ირჩევს მომხმარებელი, მაგალითად, ზღვის პროდუქტების კლასის ღირებულება 100 ლარია, იტალიური სამზარეულოსი 60 ლარი ღირს.

გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ სკოლაში მისულ უცხოელი ტურისტებში  საკმაოდ პოპულარული იყო ქართული სამზარეულოს კლასი, განსაკუთრებული ინტერესის საგანს კი ხინკლის მომზადების ხაზი წარმოადგენდა.

შეფ-მზარეულ თეკუნა გაჩეჩილაძის რესტორნების ქსელი აერთიანებს მაღალი კლასის სამ რესტორანსა და კულინარიულ სკოლას, რომელსაც ქართულ ბაზარზე ანალოგი არ ყავს.ქსელი წარმოდგენილია სამი რესტორნით: კულინარიუმ ხაშერია, რესტორანი ლიტერა და ტაკერია.