თეკუნა გაჩეჩილაძე: პირველი ვიქნები ჩემი "სტაფით" ვინც აიცრება
ცნობილი შეფ-მზარეული და რესტორნების ქსელის მფლობელი თეკუნა გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ ტურიზმის სექტორში შემავალი კომპანიების თანამშრომელთა ვაქცინაციის პროცესი დაწყება მისასალმებელია. „პირველი ვიქნები მე ჩემი „სტაფით“ ვინც აიცრება,“ - აცხადებს გაჩეჩილაძე.
გახდება თუ არა ვაქცინაცია ტურიზმის სექტორის აღდგენის საფუძველი, გაჩეჩილაძე განმარტავს, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როდისთვის გახდება შესაძლებელი ვაქცინაცია.
„ასეთი რეგულაციების პირობებში დიდხანს ვერ შევძლებთ არსებობას. თუ ვაქცინაციამდე ბოლომდე არ დავიხურებით, მაშინ შესაძლებელია კარგი ეფექტი ჰქონდეს. თუმცა, ისე მიდის ყველაფერი, რომ რესტორნები არ მგონია გადარჩნენ. განსაკუთრებით, 2 კვირიანი დასვენების დღეების გათვალისწინებით. ამ რეგულაციამ გაგვიძვირა ხარჯი. გარდა ამისა, თუ შაბათ-კვირას მუშაობის უფლება არ მოგვეცა, რესტორნის მუშაობას აზრი ეკარგება.
ვაქცინაცია თუ სექტემბერში იქნება, მეეჭვება, რომელიმე რესტორანმა შეძლოს გადარჩენა. რესურსი აღარ აქვს რესტორნებს ამდენი რეგულაციების გამო,“ - აცხადებს გაჩეჩილაძე.
შეგახსენებთ, ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა ვაქცინაციისთვის შესაბამისი სიების შედგენაზე ნათია თურნავას უწყება მუშაობას კერძო სექტორთან იწყებს.
"ტურისტული ინდუსტრია ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტული ჯგუფი იქნება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს სექტორი. ასევე მნიშვნელოვანია მარკეტინგული მხარდაჭერა, რომ მსოფლიომ შეიტყოს ჩვენი ტურისტული ინდუსტრია არის COVID უსაფრთხო. ეს შესაძლებელია სწრაფი ვაქცინაციის გზით. აქედან გამომდინარე, ვიმუშავებთ სხვადასხვა ასოციაციასთან, რათა რაც შეიძლება სწრაფად შედგეს შესაბამისი სიები სხვადასხვა რესტორნის, სასტუმროს, ტურ-ოპერატორი კომპანიის თანამშრომლების და მოხდება მათი ორგანიზებული, ნებაყოფლობითი ვაქცინაცია. ის კომპანიები, სადაც დასაქმებული პერსონალის უმრავლესობა იქნება ვაქცინირებული, ჩაითვლება COVID უსაფრთხო სასტუმროებად, COVID უსაფრთხო რესტორნებად, კომპანიებად და ჩვენ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე გავუწევთ მათ პრომოუშენს და მთელი მსოფლიო შეიტყობს, რომ ესა თუ ის რესტორანი და სასტუმრო არის COVID უსაფრთხო",- აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
რაც შეეხება შეფ-მზარეულ თეკუნა გაჩეჩილაძის რესტორნების ქსელს, ის აერთიანებს მაღალი კლასის სამ რესტორანსა და კულინარიულ სკოლას, რომელსაც ქართულ ბაზარზე ანალოგი არ ჰყავს. ქსელი წარმოდგენილია სამი რესტორნით: "კულინარიუმ ხაშერია", რესტორანი "ლიტერა" და "ტაკერია".