თეკუნა გაჩეჩილაძე: ჩვენს რესტორნებში ჩეკის საშუალო მოცულობა განახევრდა
ცნობილი შეფ-მზარეული თეკუნა გაჩეჩილაძე პანდემიის პერიოდში მომხმარებლის შეცვლილ ქცევაზე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრობს. მისი ინფორმაციით, ამ პერიოდში ჩეკის საშუალო მოცულობა თითქმის განახევრდა. პანდემიამდე ჩეკის საშუალო ოდენობა რესტორან „ხაშერიაში“ 100 ლარს, ხოლო „ტაკერიაში“ 60 ლარს შეადგენდა.
გარდა ამისა, მომხმარებელმა შეამცირა ღვინის მოხმარება, ამას კი ორი მიზეზი აქვს. პირველი - გაიზარდა ალკოჰოლზე ფასი და მეორე - კომენდანტის საათი.
„18.00 და 19:00 საათზე დათრობა არავის უნდა, მერე რა უნდა გააკეთონ? კომენდანტის საათი 21:00 საათიდანაა. ამას ემატება ისიც, რომ ტურისტები თითქმის არ არიან. შეიძლება სავსე იყოს რესტორანი, მაგრამ შემოსავალი საკმაოდ ცოტა მივიღოთ, რადგან შეგვიმცირდა რეგულაციების დაცვის გამო მაგიდების რაოდენობა, გაგვინახევრდა ჩეკის რაოდენობა და შემცირდა სამუშაო დრო. ასევე მოქმედებს ყველაზე აბსურდული აკრძალვა - შაბათ-კვირას მუშაობის შეზღუდვა,“ - აცხადებს გაჩეჩილაძე.
შეფ-მზარეულ თეკუნა გაჩეჩილაძის რესტორნების ქსელი აერთიანებს მაღალი კლასის სამ რესტორანსა და კულინარიულ სკოლას, რომელსაც ქართულ ბაზარზე ანალოგი არ ყავს.ქსელი წარმოდგენილია სამი რესტორნით: კულინარიუმ ხაშერია, რესტორანი ლიტერა და ტაკერია.