თბილისში მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის B2B ფორუმი გაიმართა - საუკეთესო შესაძლებლობა ახალი კავშირების გამყარებისთვის
თბილისში მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის B2B ფორუმი გაიმართა. ღონისძიება საქართველოს ბანკის, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, ჯეპრას და Kudos Georgia-ს ერთობლივი მხარდაჭერით მოეწყო, რომლის მიზანს საქართველოში მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის მხარდაჭერა და წახალისება წარმოადგენდა.
B2B ფორუმში 60 მეწარმე და ტურიზმის, მსუბუქი მრეწველობის, ინტელექტუალური მომსახურების, კრეატიული ინდუსტრიებისა და მყარი ნარჩენების მართვის სექტორის დამკვეთი კომპანიები მონაწილეობდნენ. ეს იყო საუკეთესო შესაძლებლობა მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, რადგან ფორუმის ფარგლებში მათ შეძლეს ახალი კავშირების მოძიება და არსებულის გამყარება სამომავლო თანამშრომლობისთვის.
ღონისძიება საქართველოს ბანკის და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლებმა გახსნეს. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს „ჯეპრას“ უფროსმა კონსულტანტმა კახა მაღრაძემ და Kudos Georgia-ს თანადამფუძნებელმა ალექსანდრე მარგიშვილმა. ადგილზე მოეწყო ინდივიდუალური შეხვედრები მწარმოებელსა და შემსყიდველებს შორის, სადაც მათ ახალი ბიზნეს კონტაქტების დამყარების, თანამშრომლობისთვის წინაპირობების შექმნის გამოცდილების გაზიარებისა და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის შესაძლებლობა მიეცათ. ეს იყო საუკეთესო პლატფორმა საქმიანობის კიდევ უფრო გასავითარებლად.
„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო მეწარმეობის გაძლიერება, ასევე, ბიზნეს კლიენტებისთვის სანდო პარტნიორების მოძიება, ორმხრივი სარგებლის მიღების მიზნით. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მსგავს ღონისძიებებში აქტიურად ჩართვა და მხარდაჭერა. ჩვენ ვისწრაფვით, რომ ბიზნეს სექტორი წავახალისოთ და მივცეთ შესაძლებლობა, ყოველდღიურად გააუმჯობესონ საკუთარი პოტენციალი და მიიღონ კიდევ უფრო მეტი ცოდნა და გამოცდილება,“ - აღნიშნა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა ზურაბ მასურაშვილმა.
„ფორუმში მონაწილეობდნენ ტურიზმის, მსუბუქი მრეწველობის, ინტელექტუალური მომსახურების, კრეატიული ინდუსტრიებისა და მყარი ნარჩენების მართვის სექტორის დამკვეთი კომპანიები, რომელიც USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის სამიზნე სექტორებია და მათთან უკვე 4 წელია რაც ვმუშაობთ. ფორუმის მონაწილე იყო ორი მხარე - პოტენციური გამყიდველი ანუ მეწარმე, რომელიც მონაწილეობდა იმისთვის რომ პოტენციური პარტნიორი მოეძია და მეორე მხარე კი, ასევე მათი მომსახურების, პროდუქტის შემსყიდველი, რომელიც სასურველ პროდუქტს ან სერვისს ეძებდა. ბიზნეს ფორუმი სწორედ ისეთი შესაძლებლობაა, რომლის ფარგლებშიც მეწარმეებმა უნდა შეძლონ კავშირების გამყარება სამომავლო თანამშრომლობისთვის, ” - მიაჩნია USAID-ის საქართველოს კერძო სექტორის განვითარების უფროს მრჩეველს დავით წიკლაურს.
„ფორუმის მიზანია მივცეთ მეტი შესაძლებლობა მცირე და საშუალო ბიზნესს საკუთარი პროდუქტებისა თუ სერვისების კომუნიკაციისთვის ახალი არხები მოიძიონ. ასევე ბიზნესთანამშრომლობის ახალი ურთიერთობები დაამყარონ და პოტენციურ შემსყიდველებს შეხვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს კომუნიკაციის არხები ღიაა და ყველას აქვს შესაძლებლობა ახალ პარტნიორებთან ურთიერთობის, პირდაპირი კომუნიკაციებისა და უშუალო ურთიერთობების დეფიციტი ყოველთვის შეიმჩნევა. ასეთი სახის ფორუმები კიდევ უფრო მეტად ეხმარება მცირე და საშუალო მეწარმეებს მსხვილ კორპორაციებთან პარტნიორული ურთიერთობების უკეთ ჩამოყალიბებაში,“ - განმარტავს "ჯეპრას" უფროსი კონსულტანტი, კახა მაღრაძე.
„პირდაპირი კომუნიკაცია საკმაოდ დიდ როლს შეასრულებს როგორც მეწარმეების, ასევე მათი პოტენციური შემსყიდველების პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. მთავარი საჭიროება რასაც პასუხობს B2B ფორუმი ეს არის პირადი კონტაქტები ბიზნესის განვითარებისთვის. საკუთარი ბრენდის ან პროდუქტის წახალისება ვირტუალურ სივრცეში საკმარისი არ არის, კომპანიებს უკვე უჩნდებათ მოთხოვნლება შეხვდნენ პირადად პოტენციურ დამკვეთებს,“ - აღნიშნავს Kudos Georgia-ს თანადამფუძნებელი, ალექსანდრე მარგიშვილი.