თბილისში “ქვევრის ლუდის“ საფირმო მაღაზია გაიხსნება
ქვევრის ლუდის მწარმოებელი კომპანია „ვარძია“, რომელიც პროდუქტს „ქვევრის ლუდის“ ბრენდით აწარმოებს, თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში საფირმო მაღაზიას გახსნის.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანის დამფუძნებელმა ზაზა ზედგენიძემ განუცხადა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფართის მოძიების პროცესი, განიხილება მარჯანიშვილის ან დავით აღმაშენებლის გამზირის მიმდებარე ტერიტორია.
მისი განცხადებით, ამ დროისთვის კომპანია 7 დასახელების ქვევრის ლუდს აწარმოებს.
0.5 ლ მოცულობის ბოთლებში ჩამოსხმული ლუდი აგროჰაბისა და გუდვილის ქსელში იყიდება.
შეგახსენებთ, ქვევრის ლუდის მცირე საწარმო ასპინძის რაიონში 2016 წლიდან ფუნქციონირებს. ჩაკეტილმა საზღვრებმა დამფუძნებელი აიძულა გაყიდვების ახალი გზები ეძებნა, საცალო ვაჭრობა და ბაზრის დივერსიფიცირება ის გადაწყვეტილებები იყო, რომლებმაც, შეიძლება ითქვას, რომ წარმოება გადაარჩინა.