თბილისში კომერციულ ფართებზე მოთხოვნა გაზრდილია
Colliers Georgia-ს კვლევის მიხედვით, ეკონომიკური აქტივობისა და ტურისტული ნაკადების აღდგენასთან ერთად, თბილისის კომერციულ ბაზარზე დატვირთულობის და ბრუნვის მაჩვენებლის აღდგენა შეინიშნება.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელი სავაჭრო ცენტრებისთვის გამოწვევა აღმოჩნდა. თუმცა, Colliers Georgia-ს მონაცემებით, მიუხედავად იმისა, რომ მოლების გარკვეულ ნაწილში ვაკანტურობის კოეფიციენტი მკვეთრად გაიზარდა პრეპანდემიურ პერიოდთან შედარებით, ზოგადი მაჩვენებელი სტაბილურ ნიშნულზე შენარჩუნდა „City Mall Saburtalo“-ს მკვეთრად შემცირებული ვაკანტურობის გამო.
რაც შეეხება საიჯარო მაჩვენებელებს, მნიშვნელოვანი კლება შეინიშნება გარკვეულ სავაჭრო ცენტრებში, თუმცა გამონაკლისი შემთხვევების ხარჯზე ზოგადი სურათი არ შეცვლილა.
თბილისის ძირითადი სავაჭრო ქუჩები შედარებით მოწყვლადი აღმოჩნდა პანდემიის მიმართ, გაზრდილი ვაკანტურობის კოეფიციენტისა და შემცირებული საიჯარო მაჩვენებლების კუთხით. პეკინის გამზირი შედარებით რეზისტენტული აღმოჩნდა პანდემიის მიმართ, კვ.მ-ზე 32 აშშ დოლარის საიჯარო მაჩვენებლითა და 6%-იანი ვაკანტურობის კოეფიციენტით.