თბილისში Atelier G. Art გაიხსნა
თბილისში Atelier G. Art გაიხსნა, რომელიც ინდივიდუალურ მომხმარებლებსა და კომპანიებს მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს.
Atelier G. Art–ის საზოგადოებასთან ურთიერთბის მენეჯერი თაკო ვანაძე "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, რომ დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე საქმიანობის გაფართოება და რებრენდინგი გადაწყვიტეს და ახლა უკვე სამკერვალო სფეროში მრავალფეროვან მომსახურებას უზრუნველყოფენ: ინდივიდუალური კერვა, კორპორატიული შეკვეთები, სასტუმროს/საოჯახო ტექსტილი, კომპიუტერული ქარგვა..
"მოვიპოვეთ "აწარმოე საქართველოში"–ს 24 100 ლარის ოდენობის დაფინანსება, რასაც კერძო დანაზოგი დავუმატეთ და 30 000 ლარით შევიძინეთ თანამედროვე დანადგარები: 5 საწარმო საკერავი მანქანა, საქარგი მანქანა, საწარმოს უთო, ქსოვილები. გავაკეთეთ ატელიეს მთლიანი რებრენდინგი, ახლა უკვე გვაქვს საკუთარი ლოგო და სახელი Atelier G. Art, რითაც გაგვიცნო საზოგადოებამ.
ატელიე მდებარეობს მუხიანში, სადაც ოჯახის წევრების გარდა დასაქმებულია 5 ადამიანი: 1 ბუღალტერი, 3 გამოცდილი მკერავი, 1 კონსტრუქტორი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა ქალაქში. ამ ეტაპზე, ინდივიდუალურ შეკვეთებზე ვმუშაობთ. იქედან გამომდინარე, რომ სულ რამდენიმე თვეა გამოვჩნდით ქართულ ბაზარზე, კორპორატიული შეკვეთები ჯერ არ აგვიღია, ამ ყველაფერს ბუნებრივია სჭირდება დრო და ნდობის მოპოვება, თუმცა, მოლაპარაკებები გვაქვს ერთ-ერთ სასტუმროსთან.“–აღნიშნავს თაკო ვანაძე.
მისივე თქმით, მომხმარებელთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, შესაბამისად მომავალი წლიდან კიდევ ერთი ფილიალის გახსნას და ახალი მიმართულების დამატებას გეგმავენ, თუმცა დამატებით დეტალების გაჟღერებისგან თავს იკავებს.
"ძალიან დიდია დაინტერესება აჭარის რეგიონიდან, ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ახლო მომავალში ბათუმშიც იხილოთ ჩვენი შოურუმი. რაც შეეხება ბრენდის შექმნას, უკვე ვმუშაობთ, რომ საკუთარი ლოგოს ქვეშ შევქმნათ გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია."–ამბობს Atelier G. Art–ის საზოგადოებასთან ურთიერთბის მენეჯერი.
ინფორმაციისთვის, ატელიეს ისტორია 2014 წლიდან იწყება, როდესაც დამფუძნებელმა გულნაზ ართმელაძემ საქიმანობა პატარა საოჯახო საკერავი მანქანით დაიწყო. დროთა განმავლობაში რამდენიმე საწარმოო საკერავი მანქანა შეიძინა, ხოლო მოთხოვნის ზრდასთან ერთად ამ ყველაფერს ბიზნესის სახე მისცა და დღეს უკვე Atelier G. Art–ის სახელით, სხვადასხვა სახის სამოსი, სასტუმროს ტექსტილი და უნიფორმები იქმნება.