ბიზნესი
24/05/2021

თბილისის რესტორნებისთვის 5 000 ლარიანი დახმარებების გაცემა დაიწყო

თბილისის რესტორნებისთვის 5 000 ლარიანი დახმარებების გაცემა დაიწყო, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, კოტე გაბრიჩიძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, 100-ზე მეტ ობიექტს თანხა უკვე ანგარიშზე დაერიცხა.

როგორც გაბრიჩიძე აცხადებს, სარესტორნო ბიზნესი დღეს გადარჩენისთვის იბრძვის. „ტურისტი არ არის, ხალხი გაღატაკდა, შაბათ-კვირას დახურულ სივრცეში ვერ ვმუშაობთ. საუბრები არის, რომ ეს შეზღდვაც მოიხსნება. გვინდა, რომ ვაქცინაციის ტემპი დაჩქარდეს,რაც პირდაპირპროპორციულად აისახება ჩვენს საქმიანობაზე და შემოსავლებზე,“ - აცხადებს გაბრიჩიძე.

მისი ინფორმაციით, ინდუსტრიის პანდემიამდელ მაჩვენებლებს თუ შევადარებთ, ბაზარი დაახლოებით 80-90%-ით არის შემცირებული.

შეგახსენებთ, 2020 წლის მარტში დედაქალაქის მერიამ  მცირე და საშუალო სარესტორნე ბიზნესისთვის სუბსიდირების პროგრამა დააანონსა. ფინანსური დახმარება ობიექტებისთვის განისაზღვრა 5 000 ლარით. ერთი იურიდიული პირის მიერ ერთზე მეტი რესტორნის ოპერირების შემთხვევაში დაფინანსება 10 000 ლარია. სუბსიდიას მიიღებს ყველა ობიექტი, რომლებიც 2020 წლის 28 ნოემბრამდე დარეგისტრირდა.

„თბილისის სარესტორნო ბიზნესს პანდემიამ სერიოზული დარტყმა მიაყენა. თბილისის მუნიციპალიტეტი თავიდანვე აქტიურ კომუნიკაციაში იყო მათთან და რამდენიმე ღონისძიება გაატარა, მათ შორის, საიჯარო ქირების მოხსნა თუ მუნიციპალური სივრცეების დათმობა - მაგიდებისა და სკამების გარეთ გამოტანის შესაძლებლობა. ცენტრალურ დონეზე მოხდა სესხის სუბსიდირება პროცენტის ნაწილში.  ეს ინიციატივა წამოვიდა მცირე და საშუალო რესტორნებიდან. ჩვენ მათთან აქტიური კომუნიკაცია გვქონდა. ინიციატივა ითვალისწინებს 5000-ლარიან ვაუჩერს, რომელიც გადაეცემა თბილისში არსებულ მცირე და საშუალო ზომის ბიზნესს“, - აცხადებდა თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია.