თბილისის განახლებული ბალნეოლოგიური კურორტი სტუმრებს 2021 წელს მიიღებს
თბილისის განახლებული ბალნეოლოგიური კურორტი სტუმრებს 2021 წლის ბოლოსთვის მიიღებს.
„ბიზნესპარტნიორთან“ ობიექტის ერთ-ერთი მფლობელი „მეიდან ჯგუფის" დირექტორი ქეთევან ხუროძე ამბობს, რომ ობიექტის რეკონსტრუქცია 2020 წლისთვის უნდა დასრულებულიყო, თუმცა, პანდემიის გამო პროცესი გაჭიანურდა.
„სამშენებლო პროცესი არცერთი დღე არ გაგვიჩერებია, თუმცა, არის გარკვეული შეფერხებები მასალების ჩამოტანასთან დაკავშირებით. როდის მიიღებს განახლებული კურორტი სტუმარს ამის თქმა გვიჭირს, თუმცა, ეს რომ წელს ვერ მოხდება ფაქტია,“ – აცხადებს ხუროძე.
მისი ინფორმაციით, ტურისტული ინფრასტრუქტურისა და ბალნეოლოგიური კურორტის სრულყოფის მიზნით, თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი თბილისი-SPA ჯანმრთელობისა და სამედიცინო რეაბილიტაციის ეროვნული სამეცნიერო პრაქტიკულ ცენტრში სოლიდური ინვესტიციები ხორციელდება.
ქეთევან ხუროძის განცხადებით, კომპანიამ 3 წლის განმავლობაში 10 მლნ ლარის (8 მლნ + დღგ) ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
მისივე განცხადებით, კომპანიამ აღნიშნული ობიექტის პრივატიზაციით მთელი რიგი ვალდებულებები აიღო, მათ შორისაა: არსებული სოლიდური კრედიტორული დავალიანებების, მათ შორის სახელფასო და საგადასახადო დაფარვა; ყველა არსებული სამედიცინო პროგრამის შენარჩუნება და ასე შემდეგ, რაც ხუროძის განცხადებით, უკვე გასტუმრებულია.
ასევე იგეგმება ბალნეოლოგიური კურორტისთვის აუცილებელი სანატორიუმის ტიპის სასტუმროს ნომრების (100-ზე მეტი) შექმნა. ხუროძე აცხადებს, რომ ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო ბრენდის ოპერატორებთან. კითხვაზე, თუ რომელი საერთაშორისო ბრენდი შეიძლება შემოვიდეს თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე ოპერატორად, ამას ხუროძე ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, თუმცა, აცხადებს, რომ სამუშოები ამ მხრივ ატქიურ ფაზაშია.
შეგახსენებთ, სახელმწიფო თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტის 100%-ს სახელმწიფო ფლობდა, დირექტორი კი 2000 წლიდან ნიკოლოზ სააკაშვილი იყო. 1998 წელს შენობას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. 2018 წლის 1 აპრილიდან კურორტს გენერალური მენეჯერი ლაშა ქევანიშვილი მართავს. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, დღეს თბილისის ბალნეოლოგიურ კუროტის 75%–ს „მეიდან ჯგუფი“ ფლობს, 25%–ს კი „მეიდანი“.