თბილისის ანძაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობაზე ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა
თბილისის ანძაზე პანორამული რესტორნის, გადმოსახედისა და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობაზე ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა.
პროექტის კონცეფცია ტენდერში გამარჯვებულმა ესტონურმა კომპანიამ შექმნა.
კახა კალაძის თქმით, პროექტი შეფასდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს მიერ და გათვალისწინებულია წარმოდგენილი რეკომენდაციები.
„ტენდერში გამარჯვებულ ესტონურ კომპანია „კოკოს“ ამგვარ პროექტებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ზოგადად, მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროექტი შეფასდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს მიერ და გათვალისწინებულია წარმოდგენილი რეკომენდაციები. ყველა დიდ ქალაქში, სადაც არსებობს ასეთი პროექტები ძალიან მაღალ დონეზეა ყველაფერი გაკეთებული. რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, თბილისშიც გამოიძებნება საინვესტიციო ჯგუფები ვინც ამ პროექტს განახორციელებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, არსებული პანდემიაა მიზეზი, რის გამოც პროექტი ამ დრომდე ვერ განხორციელდა.
ქალაქის მერი იმედოვნებს, რომ ბიზნესი დაინტერესდება ამ კონკრეტული ინტერესთა გამოხატვით.
ტენდერი მერიამ ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად გამოაცხადა, რადგან ეს ქონება ეკუთვნის ეკონომიკის სამინისტროზე დაქვემდებარებულ იურიდიულ პირს.
პირველ ეტაპზე, ექვსი თვის განმავლობაში, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა ჩატარდება. აღნიშნული კვლევის შედეგად წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე, პროექტის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება.