ბიზნესი
04/01/2021

თბილისი მოლი: ეს იყო იმ ბრუნვის 20-30%, რაც მაღაზიებს საახალწლოდ უნდა ჰქონოდათ

სავაჭრო ცენტრი „თბილისი მოლში“  24 დეკემბერი - 2 იანვრის პერიოდში მუშაობას „ბიზნესპარტნიორთან“ აფასებენ და აცხადებენ, რომ დაწესებული რეგულაციების გათვალისწინებით, შემოსავლები ჩვეულებრივი პერიოდისგან განსხვავებით, საკმაოდ მცირედი იყო.

„ეს იყო ფაქტობრივად, მეექვსედი, 20-30% იმ ბრუნვის, რაც მაღაზიებს უნდა ჰქონოდათ,“ - აცხადებენ „თბილისი მოლში“.

მათივე შეფასებით, ხალხის მხრიდან აქტივობა იყო, თუმცა, დაწესებული რეგულაციების გათვალისწინებით, ბრუნვის გაზრდა შეუძლებელი იყო. როგორც სავაჭრო ცენტრში განმარტავენ, აღნიშნულ პერიოდში საკმაოდ მკაცრად და ორგანიზებულად კონტროლდებოდა რიგები.

„მოლოდინი არ გვქონია, უბრალოდ, სურვილი გქვონდა, რომ იმ ბიზნესებს, რომლებიც ჩვენი მოიჯარეები არიან, ჰქონოდათ ვაჭრობა და გადარჩენილიყვნენ. ეს იმისთვის, რომ შემდეგ საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა ჰქონოდათ.

რეალურ მაჩვენებლებს მაღაზიებისგან იანვრისთვის მივიღებთ, მანამდე, კი ვიმედოვნებთ, რომ გარკვეული დოზით ეს მოხერხდა. მართალია, ეს არ იყო ის რაოდენობა, რაც ჩვეულებრივ პირობებში არის ხოლმე, რადგან ხალხის შემოშვება შეზღუდული რაოდენობით იყო,“ - აცხადებენ „თბილისი მოლში“. 

შეგახსენებთ, 2020 წლის 24 დეკემბრიდან 2021 წლის  2 იანვრის ჩათვლით გაიხსნა სავაჭრო მოლები. შეზღუდული იყო მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა. მთავრობის გადაწყვეტილებით, 16 იანვრამდე საყოველთაო უქმეებია, ამ დროისთვის არსებული გადაწყვეტილებით, 16 იანვრიდან გაიხსნება სავაჭრო მოლებიც, თუმცა ისინი შაბათ-კვირას არ იმუშავებენ.