“თანამშრომლები შევინარჩუნე, თუმცა ხელფასის განახევრება მომიწია“ - Magnum Group-ი
ცემენტის ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიი Magnum Group-ის დირექტორი პაატა ნიკვაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ 2020 წელი ბიზნესისთვის, განსაკუთრებით კი Magnum Group-ისთვის საკმაოდ რთული იყო, რადგან კომპანიამ რეალურად წლის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე თვე იმუშავა.
„რეალურად, მუშაობა ამ წელში ივნისიდან დავიწყეთ. მანამდე პანდემიის გამო გაჩერებულები ვიყავით, პარალიზებული იყო ყველაფერი, მას შემდეგ რაც აღვადგინეთ წარმოება, რეალიზება კარგად წავიდა, კმაყოფილები ვართ, თუმცა საბოლოო ჯამში, გაყიდვების მაჩვენებელი დაახლოებით 27-28%-ით შემცირებულია,“ - აცხადებს ნიკვაშვილი.
მისი განმარტებით, წლის მანძლზე კომპანიამ თანამშრომლების შენარჩუნება შეძლო, მაგრამ ხელფასის განახევრება მოუწია.
როგორც ნიკვაშვილი აცხადებს, 2020 წელს არანაკლებ მნიშვნელოვანი გამოწვევა ეროვნული ვალუტის გაუფასურება იყო.
„განსაკუთრებით, ჩემს შემთხვევაში, როცა ნედლეული (კლინკერი) იმპორტით შემომაქვს, აზერბაიჯანიდან. ფასები არ გამიზრდია და ვცდილობ შევინარჩუნო. განსხვავება მოგების მარჟის შემცირებით კომპენსირდება,“ - აცხადებს ნიკვაშვილი.