ბიზნესი
13/04/2021

თანაინვესტირების ფონდი თავისუფლების მოედანზე Luxury Collection-ს 2021 წლის ბოლოს გახსნის

თავისუფლების მოედანზე, უმაღლესი კლასის Marriott Brand, Luxury Collection-ი  2021 წლის ბოლოს გაიხსნება. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ცოტნე ებრალიძემ განუცხადა, ამ ეტაპზე სამუშაები დასკვნით ეტაპზეა, მიმდინარეობს ბოლო შტრიხებზე მუშაობა. დასასრულებელია ინტერიერის და ფასადის ნაწილი.

მისი განცხადებით, Luxury Collection-ში იფუნქციონირებს ექვსი კატეგორიის 220 ნომერი, საკონფერენციო, შეხვედრების ოთახები, A კლასის საოფისე და კომერციული ფართები,  სპა, ფიტნეს ცენტრი და საცურაო აუზი, რომელსაც თბილისის შესანიშნავი ხედები დაამშვენებს.

„პროექტი, ეკოლოგიურად სუფთა საბაგირო საშუალებით დაუკავშირდება სოლოლაკის ქედზე მდებარე მასშტაბურ პროექტს და თაბორის მთაზე არსებულ სასტუმრო „პარაგრაფს" და გოლფ კლუბს,“ - აცხადებს ებრალიძე.

საქართველოს თანაინვესტირების ფონდი (GCF) არის კერძო კაპიტალის ფონდი, რომლის მთავარი მიზანია, საქართველოში არსებულ მზარდ ინდუსტრიებში საინვესტიციო პროექტების განხორციელება. 

ფონდი, რომელიც 2013 წლიდან ამოქმედდა, მიზნად ისახავს დააბანდოს არსებული კაპიტალი და მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელოს როგორც უცხოელ, ასევე ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად.

ფონდი ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკის ოთხს სექტორში ახორციელებს: სოფლის მეურნეობა,  ტურიზმი და უძრავი ქონება, ენერგეტიკა,  და მრეწველობა, რის ფარგლებშიც ჯამურად განხორციელებულია 10-მდე პროექტი. რაც შეეხება საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდს მის პორტფელში დამატებით 10 სასტუმროს პროექტი ერთიანდება.