ბიზნესი
30/06/2023

თამბაქოს კონტროლის ალიანსი: კანონის წინაშე ყველა თანაბარია

თამბაქოს კონტროლის ალიანსი კანონდარღვევის მიჩქმალვის ახალი ფორმების შესახებ აცხადებს.

ალიანსის განცხადებით, მონიტორებმა რამდენიმე, ე.წ. სამასპინძლო დაწესებულება დააფიქსირეს, რომელთაც შენობებზე აბრები ჩამოხსნილი აქვთ, თუმცა, სტუმრებს ძველებურად მასპინძლობენ და თამბაქოს სხვადასხვა ნაწარმს, ან ჩილიმს მოიხმარნენ.

"აღნიშნულ ობიექტებზე მასპინძლები მონიტორებს პასუხობენ, რომ რესტორანი (კაფე, ან ბარი), როგორც ბიზნეს ობიექტი დაიკეტა და პირადი წვეულებები აქვთ, სადაც მათი თქმით, მოწევის რეგულაციების დაცვას კანონი არ ავალდებულებთ. სინამდვილეში, აბრაჩამოხსნილი სამასპინძლო დაწესებულება იურიდიულად კვლავაც არსებობს.

აღსანიშნავია, რომ აბრების ჩამოხსნას წინ უძღოდა მოწევის რეგულაციების დარღვევის ფაქტზე რამდენჯერმე დაჯარიმება. კაფე-ბარ, რესტორნების მეპატრონეებმა განაცხადეს, რომ მდგომარეობას გამოასწორებდნენ, ჩილიმის და ზოგადად, მოწევისთვის ღია სივრცეს შექმნიდნენ.  თუმცა, მორიგ შემოვლაზე, მონიტორებს პრობლემის მოგვარების აბსურდული მცდელობა, ჩამოხსნილი აბრები დახვდათ. რაც ცხადია, არც პრობლემის მოგვარებაა და ობიექტს, რომელიც იურიდიულად არსებობს, კანონის მოქმედებისგან არ ათავისუფლებს.  

ყველა შემთხვევაში, ფაქტები დაფიქსირდა ბათუმში, სადაც მეპატრონეები სლავური წარმოშობის, არასაქართველოს მოქალაქეები არიან. აჭარის რეგიონში უცხოელების მიერ  ბიზნესის წამოწყების შემდეგ აშკარაა პრობლემა, ბიზნესმენთა ერთმა ნაწილმა არ იცის ან არ სურს წაიკითხოს და იცოდეს რა ვალდებულებები აქვს საქართველოს კანონით. ამიტომაც ერთგვარ საკომუნიკაციო პროგრამასაც ვატარებთ მათთან, მაგრამ ფაქტია, პრობლემა ფართო მასშტაბის ჩარევას საჭიროებს. არავის ვურჩევთ რესტორენებში და კაფე-ბარებში კანონისგან თავის არიდების მიზნით აბრების ჩამოხსნას. კანონის წინაშე ყველა სამასპინძლო დაწესებულება პასუხს ერთნაირად აგებს აბრიანიც და უაბრებოც, თუ იურიდიულად არსებობას განაგრძობენ. ვთხოვთ მოქალაქეებს, თუ დააფიქსირებთ, რომ სამასპინძლო დაწესებულებაში ეწევიან, დარეკეთ, ან გააგზავნეთ შეტყობინება 112-ზე. თქვენი შეტყობინება კონფიდენციალურია და ემსახურება საზოგადოების ჯანმრთელობას.

ივნისის თვეში მონიტორინგმა ასევე დააფიქსირა  "სოციალური კვლევების ინსტიტუტის" მიერ ექიმების უკანონო დატრენინგების ფაქტი. "თამბაქოს ზიანის შემცირების"  სახელით შენიღბულ ღონისძიებაზე კომპანია „ფილიპ მორისის“  ბრენდის ე.წ. "აიქოსის" რეკლამა/პოპულარიზაცია კეთდება. როგორც წინა, სხვა, მსგავს შემთხვევებში, ამჯერადაც ღონისძიებების მთავარი მომხსენებელი ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ადრია ურუშაძე იყო. თუ ამ კუთხით კანონის აღსრულება არ გამკაცრდა, თამბაქოს ინდუსტრიის დაკვეთით მოქმედი კერძო პირები და ორგანიზაციები კვალავაც განაგრძობენ ექიმებისთვის თვალის ახვევის მცდელობას და მათ დარწმუნებას, რომ პაციენტებს თამბაქოს ჩვეულებრივ ნაწარმზე, სიგარეტზე თავის დასანებებლად გასახურებელი თამბაქო შესთავაზონ. აქვე მოვუწოდებთ ექიმებს, რომ არ მიიღონ მონაწილეობა თამბაქოს ინდუსტრიის მიერ დაფინანსებულ ღონისძიებაში, რომელიც არამხოლოდ კანონს ეწინააღმდეგება,  არაეთიკური და ექიმის პროფესიასთან შეუთავსებელია. ამასთან, მოვუწოდებთ შესაბამის აღამასრულებელ სტრუქტურებს ბოლომდე მიიყვანონ ასეთი უკანონო ქმედებების მოკვლევის პროცესი და გაატარონ შესაბამისი სანქციები, როგორც დამკვეთის, ასევე განმახორციელებლების მიმართ", - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

Businesspartner