ბიზნესი
05/04/2022

თამაზ გაიაშვილი: Georgian Airways-ის ბილეთები შესაძლოა 20-30%-ით გაძვირდეს

რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად, შესაძლოა, უახლოეს მომავალში ავიაბილეთები გაძვირდეს.

როგორც Georgian Airways-ის დამფუძნებელმა თამაზ გაიაშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, საავიაციო ნავთის ფასი გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვანდ არის გაზრდილი და შეუძლებელია ეს ბილეთების ფასზე არ აისახოს.

„გასულ წელს თუ შევადარებთ, საწვავის ფასი 200%-ითაც არის გაძვირებული. ახლა 1 ტონა საწვავს $1400-ად ვყიდულობთ, როცა 2021 წელს მისი ფასი $400-500-ს შეადგენდა,“-აცხადებს გაიაშვილი.

მისი თქმით, სამწუხაროდ, ბილეთების ფასი ამ დოზით ვერ გაიზრდება, განიხილება დაახლოებით 20-30%-იანი გაძვირება.

„ჯერ არ გაგვიძვირებია, ამას დრო სჭირდება. საწვავის ფასი შეიძლება 1 დღეში გაიზარდოს, ბილეთებს კი 1 წლით ადრე ვყიდით და დღეს ვერ გამოუცხადებ მომხმარებელს, რომ ფასს უმატებ, ამის გამო კომპანია საკმაოდ სოლიდურ, მილიონობით ლარის ზარალზე გავიდა. დავაკვირდებით სიტუაციას და თუ მდგომარეობა და ფასები არ დასტაბილურდა, სატარიფო პოლიტიკას გადავხედავთ,“ - აცხადებს გაიაშვილი.

რაც შეეხება ფასებს, როგორც Georgian Airways-ის ვებ-გვერდზეა მითითებული, აპრილში მაგალითად, თბილისი-ვენას (2 გზა) ბილეთი 981 ლარადაა გაყიდული, თბილისი - ამსტერდამის (2 გზა) მიმართულებით კი ფრენა 957 ლარი ღირს. 

შეგახსენებთ, რუსეთ-უკრაინის ომი  2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. მას შემდეგ მსოფლიოში  გაიზარდა როგორც საწვავზე ფასები, ისე თითქმის ყველა მიმართულებით კრიზისი შეიქმნა.