ბიზნესი
28/04/2021

თამაზ დაუშვილი: უნდა არსებობდეს თანხების საბანკო დეპოზიტზე განთავსების ალტერნატივა

კომპანია „დიოს“ მმართველი პარტნიორი თამაზ დაუშვილი  „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ შპს-ებისთვის ფასიანი ქაღალდების გამოშვების შესაძლებლობა გაზრდის ფინანსებზე ხელიმისაწვდომობას, რაც მხოლოდ და მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს.

მისი განცხადებით, თუ კანონში ეს ჩანაწერი გაჩნდება, ბიზნეს სექტორისთვის სიახლე იქნება, რადგან უფრო გაადვილდება ფინანსებთან წვდომა და კომპანიებს, განსაკუთრებით კი შპს-ებს ინვესტორების მოზიდვის საშუალება ექნებათ.

„ინვესტორისთვის საინტერესო იქნება ის, რომ შეიძინოს ფასიანი ქაღალდი, ვიდრე  თავისუფალი ფინანსური სახსრები ბანკში დეპოზიტზე დადოს. როდესაც ადამიანს თავისუფალი ფულადი რესურსი აქვს, ან უნდა გახდეს ინვესტორი და შეიძინოს ფასიანი ქაღალდები, ან ეს თანხა დეპოზიტზე განათავსოს. ასეთ შემთხვევაში გარკვეული რისკები არსებობს, თუნდაც ის, რომ ინვესტორი შეცდეს გადაწყვეტილებაში, თუმცა, რა თქმა უნდა ეს ბაზარი გასავითარებელია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ არსებობდეს საბანკო დეპოზიტზე  განთავსების ალტერნატივა,“ - აცხადებს თამაზ დაუშვილი.

შეგახსენებთ, „მეწარმეთა შესახებ“ კანონში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც შპს-ებს შეეძლებათ ფასიანი ქაღალდები  გამოუშვან. ცვლილებას მხარი პირველი მოსმენით პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მხარი უკვე დაუჭირა.