ბიზნესი
04/11/2020

თამაზ დაუშვილი: პოლიტიკური დაძაბულობა ბიზნესს საქმის კეთების ხალისს უკარგავს

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროცესსა და შემდეგ განვითარებულ მოვლენებს „ბიზნესპარტნიორთან“ „დიოს“ მმართველი პარტნიორი აფასებს. თამაზ დაუშვილი აცხადებს, რომ საზოგადოების კითხვებზე პასუხის გაცემა და ვითარების დასტაბილურება ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

„ზოგადად, რამდენად სტაბილური იქნება ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება, ამაზეა დამოკიდებული ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარება. რამდენიმე ათეული წელია საქართველოში არის კრიტიკული მომენტები, როდესაც პოლიტიკური ვითარება იძაბება და შესაბამისად, არ არის კარგი კერძო სექტორისთვის.

პირველ რიგში, სტაბილური გარემოს არსებობა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. მნიშვნელოვანია, ქვყანაში არჩევნების მიმართ იყოს ნდობა და ხელისუფლებები ირჩეოდეს არჩევნების გზით და არა სხვა მეთოდებით. სამწუხაროა, რომ არჩევნების შედეგების მიმართ გარკვეული უნდობლობაა. ვფიქრობ, ბევრი საკითხია გასარკვევი, რამდენად სამართლიანად ჩატარდა პროცესი. ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს, რომ საზოგადოების მხრიდან იყოს განწყობა, რომ არჩევნები ტარდება სამართლიანად. თუ დემოკრატიის ფუნდემენტური პრინციპები იმის შესახებ, რომ არჩევნები სამართლიან გარემოში ტარდება, არ იქნება დაცული, ქვეყანაში არც ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარებას და არც სამუშაო ადგილების შექმნას აზრი არ ექნება“,- განაცხადა დაუშვილმა.

მან აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ გარემოს არა მხოლოდ ადგილობრივი ბიზნესი, არამედ პოტენციური ინვესტორიც დიდი ყურადღებით აკვირდება. დაუშვილი აცხადებს, რომ არჩევნების სამართლიანად ჩატარებასთან დაკავშირებული კითხვები ლეგიტიმურია.

„ეს შეაფერხებს ეკონომიკურ განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვას. ქვეყანაში, სადაც ადამიანის დემოკრატიული უფლებები არ არის დაცული, არ მუშაობს დემოკრატიული ინსტიტუტები გამართულად, იქ არცერთი დასავლური ტიპის ინვესტორი არ ისურვებს ინვესტიციის განთავსებას. ყველა პრობლემა, რომელიც აწუხებს მოსახლეობას და ხალხს, აწუხებს ბიზნესსაც. ბიზნესი არ არის ცალკე აღებული ორგანიზმი. ეს არის ადამიანებისგან შემდგარი ორგანიზაციები, რომლებიც ყოველდღიურად იღწვიან განვითარებისთვის, იხდიან გადასახადებს და ასაქმებენ ხალხს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ადამიანებს მომავლის რწმენა ჰქონდეთ. ოპოზიცია და ხელისუფლება ერთად მართავენ ქვეყანას. ასეთი დაძაბული ტონი, ერთმანეთის მიუღებლობა არასასიამოვნოა და ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის ბიზნესს საქმის კეთების ხალისს უკარგავს.

არჩევნების სამართლიანად ჩატარებასთან დაკავშირებული კითხვებია ლეგიტიმურია და მას პასუხი უნდა გაეცეს. ამას უყურებს არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობა, არამედ ყველა დაინტერესებული მხარე, რომელსაც ქვეყანაში ფულის ჩადება უნდა. უყურებენ, რამდენად ვითარდება ქვეყანაში დემოკრატია“,- აღნიშნა „დიოს“ მმართველმა პარტნიორმა.