ბიზნესი
29/03/2021

თამაზ დაუშვილი: მესამე ლოქდაუნი ქვეყნისთვის კატასტროფის ტოლფასი იქნება

კომპანია „დიოს“ მმართველი პარტნიორი თამაზ დაუშვილი გადაცემაში „ბიზნესპარტნიორის ოთხეული“ აცხადებს, რომ ქვეყნისთვის მესამე ლოქდაუნის დაწესება და მისი გადატანა,  საკმაოდ რთული იქნება.

„როდესაც მეორე ლოქდაუნი დაიწყო, გვქონდა მოლოდინი, რომ ეს იყო მთავარი შეზღუდვა, რომლის შემდეგად დაიწყებოდა ეკონომიკის აღდგენა, ეს იქნებოდა ბუფერული პერიოდი, როდესაც ხელისუფლება  მოახერხებდა ვაქცინის შემოტანას და მასობრივი ვაქცინაციის დაწყებას. შესაბამისად, ეს იქნებოდა ტურისტული სეზონის  და ეკონომიკური აქტივობის დასაწყისი. სამწუხაროდ, ვაქცინაციის პროცესი გახანგრძლივდა და როგორ წარიმართება ეს არავინ იცის. 

"დიოს" დაგეგმილი ქონდა, რომ პირველი კვარტალი  ყოფილიყო გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით ოდნავ ნაკლები, თუმცა, მთავარი აქცენტი გაკეთებული გვაქვს აპრილის 4 თვის შედეგებზე. გასულ წელს აპრილში  პირველი ლოქდაუნი დასრულდა და დაიწყო ეკონიმიკის აღდგენა, მათ შორის, ყველაზე მეტი დადებითი ეფექტი მაშინ სამშენებლო სექტორმა მიიღო. უფრო ზუსტი სურათი, თუ როგორ მიმდინარეობს ეკონომიკის აღდგენა, ჩვენი კომპანიის მაგალითზე აპრილის ბოლოს დავინახავთ, როცა ერთმანეთს ოთხ თვეს შევადარებთ,“ - აცხადებს დაუშვილი.

მისივე ინფორმაციით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკა რაც შეიძლება მალე გაიხსნას.