ბიზნესი
21/09/2023

ტაბახმელაში ევროპული სტანდარტების ყვავილების სკოლა 2024 წლიდან გაიხსნება

თბილისთან ახლოს, კერძოდ ტაბახმელაში, თანამედროვე სტანდარტების ყვავილების მოვლის შემსწავლელი სკოლა გაიხსნება, რომელიც ფუნქციონირებას 2024 წლის გაზაფხულიდან დაიწყებს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ აღნიშნული პროექტის ავტორმა და ყვავილების სასტუმრო „ბუტკოს“ დამფუძნებელმა თამარ რაზმაძემ განუცხადა, ყვავილების მოვლა მარტივი საქმე არ არის და დიდ ძალისხსმევას, ასევე გარკვეულ ცოდნას საჭიროებს, სწორედ ამიტომ, ის უახლოეს პერიოდში სკოლას გახსნის, სადაც მცენარეთა მოყვარულები 3 თვიან საბაზისო კურსს გაივლიან.

„კურსის დასრულების შემდეგ, ჩვენი მოსწავლეები თავად შეძლებენ მცენარის დარგვას, გადარგვას, შეწამვლას და  დიაგნოსტირებასაც კი… ჩვენი მიზანია ყველას, ვინც სარგებლობს ჩვენი ყვავილების სასტუმროს მომსახურებით, ვასწავლოთ როგორ მოუარონ თავადაც საყვარელ მცენარეებს“, - აღნიშნა თამარ რაზმაძემ.

მისივე ინფორმაციით, მცენარეების მოვლა  და ბუნებასთან სიახლოვე განსაკუთრებით პოპულარული როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში, პანდემიის დროს გახდა. შედეგად,  გაიზარდა კონკურენციაც იმ დაწესებულებებს შორის, რომლებიც მომხმარებლებს მცენარეთა შეძენას სთავაზობენ.

„მას შემდეგ, რაც „ბუტკო“ გამოჩნდა ბაზარზე, ამ სექტორის მიმართ ინტერესი დღითი დღე მზარდია. ჩნდება ყვავილების ახალი მაღაზიები, სხვადასხვა კომპანიები, რომლებიც მომხმარებელს მცენარეების მოვლასთან დაკავშირებულ სერვისებს სთავაზობენ. გვიხარია, რომ სექტორის განვითარებას ბიძგი მივეცით“, - აღნიშნა ყვავილების სასტუმრო „ბუტკოს“ თანამდამფუძნებელმა.

შეგახსენებთ, ყვავილების სასტუმროს სერვისი ინოვაციურია არა მხოლოდ ქართული ბაზრისთვის, არამედ ევროპულისთვისაც და ჯერჯერობით, ასეთი დაწესებულება მხოლოდ ლონდონში ფუნქციონირებს. საქართველოში მცენარეების პირველი სასტუმრო „ბუტკო“ კი 2 წლის წინ გაიხსნა, ის ტაბახმელაში მდებარეობს, სადაც არდადეგების, შვებულების თუ სხვა მიზეზით სახლიდან წასვლის პერიოდში, მომხმარებლები თავიანთ მცენარეებს მოსავლელად ტოვებენ.