Sweet heart - სოციალური კაფე, რომელიც შშმ პირთა დასაქმებას უწყობს ხელს
სოციალური კაფე Sweet heart კადრების დეფიციტის წინაშე დგას. მისი კოორდინატორი "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, რომ კვალიფიციურ კადრებს აქტიურად ეძებენ, რაც მათთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა.
"ამ ეტაპზე 9 დასაქმებული გვყავს, რომელთაგან 4 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია,“ - ამბობს Sweet heart-ის კოორდინატორი ეველინა შაგინოვა.
მისი ინფორმაციით, სოციალური კაფის მიზანი, შშმ (შეზღუდული შესაძლებლობების მქონე) პირთა დასაქმების ხელშეწყობა და ამავდროულად, ინკლუზიასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებაა.
„როდესაც მომხმარებლები ინფორმაციას იღებენ, რომ ჩვენთან შშმ პირები არიან დასაქმებული, ძალიან უხარიათ და ამ პროექტით აღფრთოვანებულები არიან“ - აცხადებს შაგინოვა.
სოციალური კაფე Sweet heart-მა ბაზარზე ოპერირება მიმდინარე წლიდან დაიწყო.
პროექტი "საქართველოს კარიტასის" ინიციატივით განხორციელდა. გერმანიის კარიტასის (Caritas Deutschland) და პოლონეთის საელჩოს (Polish Embassy Tbilisi) მხარდაჭერით სოციალურ კაფეს სივრცის სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ასევე ყველა საჭირო დანადგარითა და ავეჯით სათანადოდ აღიჭურვა.
ამჟამად კაფეში მომხმარებელს საკონდიტრო ნაწარმსა და ბურგერ-სენდვიჩებს სთავაზობენ.