ბიზნესი
17/06/2023

სწორი რჩევა საუკეთესო დახმარებაა

გამოცდილების გაზიარება ყველაზე დიდი არამატერიალური საჩუქარია, რაც შეიძლება ადამიანებმა ერთმანეთს გაუკეთონ. კიდევ უფრო იზრდება ამ საჩუქრის ფასი და მნიშვნელობა, როცა ის კვალიფიციური პირის მიერ გაიცემა და დასაჩუქრებული ერთი პიროვნება კი არა, ადამიანთა ჯგუფი ან საზოგადოებაა, რომელთაც შეუძლიათ ამ გამოცდილებით ისარგებლონ. დიდი შენაძენია ადამიანისთვის გამოცდილების მქონე პირების სიჭარბე მის გარემოცვაში. განსაკუთრებით ბიზნეს გარემოში, რადგან პოზიტიურ შედეგებს იმკის არა მხოლოდ კონკრეტული პირი, არამედ კომპანიის ყველა დასაქმებული კადრი, მათი ოჯახები და მომხმარებლები. 


კომპანია დელიკატო 18 წლის წინ შეიქმნა. ბიზნესის წამოწყება იყო დევნილობის მძიმე წლების და რთული პოლიტიკურ - სოციალური ყოფის გადალახვის შემდეგ მისი დამფუძნებლის - დავით ზაქარაიას სწორი რეაქცია, არ მისცემოდა პესიმიზმს, არ შეგუებოდა არსებულს, შეექმნა რაღაც ახალი, პროგრესული და ყოფილიყო ბევრისთვის არდანებების მაგალითი.

დელიკატოს საქმიანობის სფერო კვების მობილური უზრუნველყოფაა. წლების წინ მცირე საოჯახო პირობებში ჩამოყალიბებული კომპანია დღეს უკვე გამართულ წარმოებას ფლობს და ბევრი მასში დასაქმებული ადამიანის თუ მომხმარებლის კეთილდღეობაზე ზრუნავს. 


მრავალფეროვანი ფურშეტი, ყავის შესვენების ორგანიზება სხვადასხვა ღონისძიებებზე, კორპორატიული ლანჩი ან სხვადასხვა სადღესასწაულო სუფრის გალამაზება ტრადიციული და არატრადიციული სუფრის ელემენტებით დღეს თუ ჩვენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია, 18 წლის წინ ნამდვილ ინოვაციას წარმოადგენდა, ამიტომ დელიკატოს ჰქონდა ამბიცია, დაემკვიდრებინა ტრადიციულ ქართულ საზოგადოებაში კვებისადმი არატრადიციული, მაგრამ დახვეწილი და ჯანსაღი მიდგომა , რომელიც გულისხმობდა სასარგებლოსთან და გემრიელთან ერთად კერძების ესთეტიკურ მხარესაც. ამას ემატებოდა სრული საორგანიზაციო და მომსახურების საკითხების მოწესრიგება დამკვეთისთვის და ამ კომპონენტების ერთობლიობამ მომხმარებლის კმაყოფილებამდე მიგვიყვანა. დელიკატოს ცნობადობის გაზრდამაც არ დააყოვნა.

დღეს მართალია ფურშეტის მომსახურება ინოვაციას აღარ წარმოადგენს ქართულ საზოგადოებაში და ტენდენციურად მასზე მოთხოვნა იზრდება, შესაბამისად საგრძნობლად გაზრდილია კონკურენციაც, მაგრამ ყველა კონკურენტი როდი ფიქრობს მომსახურების დახვეწასა და სრულყოფაზე, რაც დელიკატოზე ნამდვილად არ ითქმის. კომპანია დაარსების დღიდან მომართულია მოერგოს დარგის თანამედროვე სტანდარტებს  და მაქსიმალურად დააკმაყოფილოს ყველაზე პრეტენზიული მომხმარებლის მოლოდინებიც კი. 

გაუმჯობესებისკენ სწრაფვას ემსახურებოდა ბიზნესის ხელშეწყობის ფონდის BPN Georgia-ს შუამდგომლობით შვეიცარიიდან სპეციალურად კომპანია დელიკატოსთვის კვების დარგის ექსპერტის ფელიქს კაუფმანის ჩამოყვანა ორ კვირიანი ვიზიტით საქართველოში. ვიზიტის მიზანი იყო დელიკატოს კვებითი უზრუნველყოფის სრული ჯაჭვის რაციონალიზაცია და ცალკეულ განყოფილებებში პროცესების ოპტიმიზაცია, რაც შედეგად გვაძლევს უკეთეს მომსახურებას და ხარისხს ნაკლები დანახარჯით და ნაკლები ადამიანური კაპიტალის ჩართულობით. 

ბატონი კაუფმანი შვეიცარიის ავიახაზების მგზავრთა კვებითი სერვისების ხელმძღვანელი და ზოგადად კვების დარგის გამოცდილი ექსპერტია. სწორედ ამ გამოცდილების გაზიარება იყო ვიზიტის მთავარი მიზანი,  რამაც ნაყოფიერად ჩაიარა და მალევე გამოიკვეთა პროცესების გაუმჯობესების ტენდენცია.

გამოცდილების გაზიარება კომპეტენტური პირისგან საუკეთესო საშუალებაა გაიაზრო და გააანალიზო საკუთარ კომპანიაში მიმდინარე პროცესები და დარჩე ბიზნესის კეთების სწორ რელსებზე. ამის შესაძლებლობას კი BPN Georgia - სთან თანამშრომლობა იძლევა, რომელიც ბიზნესის ხელშეწყობის სხვა მრავალ მიმართულებასთან ერთად გამოცდილი ექსპერტების ჩამოყვანასაც გულისხმობს პროგრამაში ჩართული ბიზნესებისთვის. 

თქვენც ისარგებლეთ წამყვანი ქვეყნების მოწინავე ექსპერტების გამოცდილებით და გახდით წარმატების მაგალითი სხვებისთვის. BPN Georgia კი თქვენს გვერდით იგულეთ თქვენი წარმატების გზაზე.