ბიზნესი
01/05/2023

სტატია დეა თავბერიძეზე ჟურნალში LADIES DRIVE - ბიზნეს ჟურნალი ძლიერი ქალბატონებისთვის

ბიზნეს ჟურნალი ქალბატონებისთვის სახელწოდებით «Ladies Drive» წელიწადში ოთხჯერ გამოდის გერმანიაში, ავსტრიასა და შვეიცარიაში და  მოგვითხრობს ქალებზე, რომელთაც ბევრი აქვთ სათქმელი.

2021 წლის გამოცემაში შევხვდებით დეა თავბერიძეს, რომელიც 2021 წლიდან BPN - ის პროგრამის მონაწილეა. ჩვენ მოხარული ვართ ქართველი ძლიერი ქალბატონის ამ გამოცემაში მოხვედრით და პროფესიულ წარმატებას ვუსურვებთ მას.

გერმანულად გამოცემული სტატიის თარგმნილი ვერსია:

ბედნიერების ელჩი

მისი პროფესია ბედნიერების მინიჭებაა. სამოტივაციო ბლოგებით ის ადამიანებს იმედს და საყრდენს აძლევს. ჟურნალისტ დეა თავბერიძეს საკუთარი ნებით არ მიუტოვებია გამომცემლობა, რომ ბიზნესში წასულიყო. დღეს ის პირადი ონლაინ პორტალით  90'000 ადამიანს პოზიტიური აზრებით ამხნევებს. სიკეთის კეთება ეხმარება მას ბედნიერების და კარიერული გზის პოვნაში და სხვისი გაბედნიერებით საკუთარ ბედნიერებას ქმნის. 

ინტერვიუ


Ladies Drive: დეა, რამ შთაგაგონა ონლაინ ჟურნალის დაფუძნება?

მე ბუნებით მოტივატორი ვარ. მიყვარს ადამიანების გამხნევება. ჩემი ონლაინ ჟურნალით დადებით მუხტს გადავცემ. Jolo.ge საქართველოში ადამიანების ცხოვრებას ცვლის უკეთესობისკენ. ეს მე მაბედნიერებს. 

Ladies Drive: როგორ დაიბადა ეს იდეა?

2012 წელს მთავრობის ცვლილების შედეგად სამსახური დავკარგე. იმ დროს ერთ-ერთ წარმატებულ გაზეთში ვმუშაობდი. თემები კულტურის სფეროდან უცებ უინტერესო გახდა და მიწევდა მხოლოდ პოლიტიკაზე წერა, რამაც მიბიძგა დამეტოვებინა ჟურნალისტის პოზიცია და საკუთარი ონლაინ პორტალი დამეარსებინა.   

Ladies Drive: ეს გაბედული გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო. როგორ გადალახე ცვლილებების შიში ჟურნალისტიკიდან დამოუკიდებელ საქმიანობაში წასვლით?

არ ყოფილა და არც ახლაა ადვილი საკუთარი ბიზნესის გაძღოლა. მე ჟურნალისტი ვიყავი და არანაირი ბიზნეს გამოცდილება არ მქონდა. რაკი საკუთარი ამჟამინდელი საქმიანობა ძალიან მიყვარს, საწყის ეტაპზე წარმოშობილი სირთულეებიც ნაბიჯ - ნაბიჯ გადავლახე, რაშიც მკითხველთა პოზიტიური გამოხმაურებები ძალიან დამეხმარა.

Ladies Drive: ბიზნეს ცოდნა როგორ შეიძინე?

პროფესიული ზრდისთვის ცოდნაა საჭირო. ამ მიმართულებით ჩემთვის დიდი აღმოჩენა იყო  BPN Georgia. ეს არის შვეიცარიული ფონდის ქართული ფილიალი, რომელიც ბიზნესებს განვითარებაში ეხმარება. მე ამ კომპანიის მიერ ორგანიზებულ თითქმის ყველა სემინარს თუ ღონისძიებას დავესწარი და ბიზნეს გეგმის დაწერა ვისწავლე, რითაც საკუთარი ბიზნეს ხედვა დავხვეწე და ხელჩასაჭიდი გავხადე, ამიტომ ამ ორგანიზაციის და მასში მომუშავე პერსონალის ძალიან მადლიერი ვარ.  

Ladies Drive: რას ნიშნავს შენთვის, იყო ბიზნესმენი?

ეს არის დაუღალავი მძიმე შრომა, მუდმივი განვითარება, ინოვაციების ძიება, დაბრკოლებების გადალახვა, ბრძოლა, არ დანებება, წარმატება, ხანდახან დაცემა, მაგრამ ისევ ფეხზე წამოდგომა და კონკრეტული მიზნისკენ სვლა. ყოველი წარმატების ისტორია ახალი ბიძგია ჩემთვის. ირგვლივ უამრავი წარმატების ისტორიაა. მთავარია ჩვენ მას ვხედავდეთ და საჭირო შეტყობინებების ამოკითხვა შევძლოთ მათ მიღმა. 

Ladies Drive: რას ნიშნავს შენთვის იყო სხვებისთვის მისაბაძი პიროვნება?

მე ბედნიერი ვარ, როცა ბედნიერ ადამიანებს ვხედავ. მსიამოვნებს იმის მოსმენა, რომ ადამინებს  ჟოლოს გამო საკუთარი თავის ნდობა, საკუთარი სიძლიერის დანახვის უნარი გაუჩნდათ. თუ ჩვენ მიზნების დასახვას ვისწავლით, ცხოვრებაში ყველაფერი პოზიტიურად წარიმართება. მიხარია, რომ ჩემი საქმიანობით სხვების ცხოვრების შეცვლა შემიძლია უკეთესობისკენ.  

Ladies Drive: გიყვარს შენი საქმიანობა?

მიყვარს? ვგიჟდები! ხშირად ჩემი შვილები ეჭვიანობენ კიდეც. ჩემს ბიზნესს ჩემს «მესამე შვილსაც» ეძახიან.  მე ამაყი და ბედნიერი ვარ, როცა ყოველდღიურად მადლიერების გამომხატველ შეტყობინებებს ვიღებ ჩემი მკითხველისგან. მწერენ, რომ მათი ცხოვრება შევცვალე, რომ მოტივაცია მივეცი, აესრულებინათ ოცნებები, გაეუმჯობესებინათ ურთიერთობები.  როცა პრობლემებს ვაწყდები, ყოველთვის ჟოლოს მკითხველზე ვფიქრობ, რაც განწყობას მიკეთებს და ღიმილის ხასიათზე მაყენებს.  

Ladies Drive: რა აღაფრთოვანებთ შენს მკითხველებს შენს საქმიანობაში?

Jolo.ge - ს მეშვეობით ყოველთვის პოზიტიური ინფორმაციები ესმით. ბევრი მწერს, რომ დღეს ჟოლოს კითხვით იწყებს, რათა დილიდანვე პოზიტივით დაკავდნენ და ენერგიით შეუდგნენ საქმიანობას. 

Ladies Drive: როგორ წერ შენს ინტერვიუებს?

მე ხელოვანი ვარ. ყოველი ინტერვიუ კრეატიული და მედიტაციური პროცესია. მე ადამინებთან ერთად იმ სამყაროში ვმოგზაურობ, რომელსაც მანამდე არ ვიცნობდი. ჩემი კითხვებით რესპოდენტებს საკუთარ თავში ხშირად ბევრი სიახლე აღმოუჩენიათ. წერის პროცესში მე ვაკეთილშობილებ მათ გამონათქვამებს, მათ პოზიტიურ თვისებებს და საქმიანობას ვწევ წინა პლანზე. ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია «ნორმალური» ადამიანების წარმატების ისტორიები.  ისინი მაგალითს აძლევენ სხვებს გაბედული ნაბიჯის გადადგმაში და წარმატების მოპოვებაში. გარდა ამისა საინტერესო ადამიანების აღმოჩენით და საზოგადოებისთვის წარდგენით ვარ დაკავებული.  ჩემს გამომწერებს რაც შეეხება, ჟოლოში ყველა პოულობს იმას, რასაც ეძებს: იმედს, მოტივაციას, პრობლემებიდან გამოსავალს.  

Ladies Drive: რა პროფესიული ოცნება გაქვს?

მინდა ჟოლო უფრო წარმატებული იყოს და ბევრი მკითხველი გააბედნიეროს. მსურს დარგის ექსპერტებთან ერთად დავაარსო სამოტივაციო ტრეინინგ ცენტრი. ვოცნებობ სტუდიაზე, სადაც სამოტივაციო შოუ, ტრენინგებისთვის ფიტნესის სტუდია და შეხვედრების კლუბი განთავსდება. კიდევ სხვა უამრავი ოცნება მაქვს ჟოლოსთან დაკავშირებით. მაგ. ინტერვიუები წარმატებულ ცნობილ ადამინებთან, როგორიცაა უორენ ბაფეტი, ილონ მასკი, ტონი რობინსი, ოპრა უინფრი, ჯო დისპენზა, ალექს იანოვსკი და სხვა.   

Ladies Drive: როგორ იმოქმედა პანდემიამ შენზე, შენს ბიზნესსა და ადამიანებზე, რომელთათვისაც მუშაობ?

პანდემია ყველას შეეხო და ბევრ სფეროს ცუდი კვალი დაამჩნია. ჩემი ბიზნესისთვის, რომელიც მხოლოდ ონლაინ სივრცეშია წარმოდგენილი, ცუდი ეფექტი არ მოუტანია. პირიქით, პანდემიამ მისცა ჩემს მსგავს მცირე ბიზნესებს ცვლილებების განხორციელების, ზრდის, სიახლეების მოსინჯვის, გამოწვევებთან გამკლავების, ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის და ციფრული ბიზნეს მოდელის დანერგვის   შანსი. მე ეს შანსი გამოვიყენე, ყველამ ვერ შესძლო. ჩემი მოქნილი ხასიათი და ახალ რეალობასთან სწრაფი ადაპტაციის უნარი დამეხმარა ამ სიტუაციაში საუკეთესო შესაძლებლობები  მეპოვნა.

Ladies Drive: რა სამომავლო გეგმები გაქვს?

ჩვენი ტრენერების და ფსიქოლოგების გამოსვლები ძირითადად კონცენტრირებულია პიროვნების ზრდაზე და განვითარებაზე. მომავალში მინდა გავაფართოვო ბიზნესი, რის გამოც ახალი ვებ გვერდი YourBusiness.ge შევქმენი. სამიზნე აუდიტორია იქნება ბიზნეს საზოგადოება, რომელსაც ბიზნეს თემები აინტერესებს. ამ პროექტის ფარგლებში გამომწერებს ბევრ ამჟამად უკვე წარმატებული ბიზნესის დამფუძნებელს გავაცნობ, რომლებთანაც ვთანამშრომლობ და რომლებიც საკუთარ გამოცდილებას გაგვიზიარებენ. ეს ვებ გვერდი შესაძლებლობას მისცემს ხელოვნების სფეროში ჩართულ ბიზნესებსაც, წარადგინონ საკუთარი თავი და პროდუქტები, რითაც არაპირდაპირი ფორმით დავეხმარები მათი საქმიანობის განვითარებაში.  

Ladies Drive: ახლა  რატომ გახდა ეს ასეთი მნიშვნელოვანი?

ბოლო პერიოდი ყველასთვის გამოწვევა იყო. ადვილი არაა პანდემიით შექმნილ ახალ რეალობასთან გამკლავება. ეს შეთავაზებები ჩემს მომხმარებლებს გაათავისუფლებს ნეგატიური ემოციებისგან და დადებითი ენერგიით დატვირთავს, რაც განსაკუთებით აუცილებელია ასეთ პირობებში.  

Ladies Drive: გაქვს რაიმე წარმატების ფორმულა, როგორ უნდა განვაგრძოთ პირადი თუ ეკონომიკური კრიზისის შემდეგ საქმიანობა პოზიტიურად?   

ყველა განიცდის კრიზისს ერთხელ მაინც როგორც პირად, ისე სამსახურეობრივ ცხოვრებაში. არც მე ვყოფილვარ გამონაკლისი. ყოველი დაცემის შემდეგ წამოდგომა, სვლის გაგრძელება და მომავლისკენ ყურება დამეხმარა ვყოფილიყავი იქ, სადაც დღეს ვარ. არაფერს შეუძლია ჩემი შეჩერება მიზნისკენ მიმავალ გზაზე.  არ უნდა დავივიწყოთ, რომ ყოველ აღმართს დაღმართი მოსდევს. თუ ჩვენ გვჯერა ჩვენი მიზნის და თანმხლები ადამიანების მიმართ პატივისცემას და სიყვარულს ვამჟღავნებთ, დაბრკოლებებს ადვილად გადავლახავთ და უფრო გავძლიერდებით.

დამატებითი ინფორმაცია «jolo.ge»-ს შესახებ იხილეთ: https://jolo.ge/