სოციალური საწარმო „დადარი“ 2023 წლიდან წარმადობას 3-ჯერ გაზრდის
ხის, ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოების მწარმოებელი ქართული კომპანია „დადარი“ მომავალი წლიდან გაფართოებას გეგმავს. სოციალური საწარმო, რომელიც, ამ ეტაპზე, თვეში 5000 ერთეულ სათამაშოს ამზადებს, 2023 წელს ამ წარმადობის 3-ჯერ გაზრდას აპირებს.
როგორც „ბიზნეპარტნიორს“ არჩილ გობეჯიშვილი, სოციალური საწარმო „დადარის“ ხელმძღვანელი უყვება, მათი მიზანია, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში სულ უფრო მეტ ბავშვს ჰქონდეს ხის სათამაშოებით თამაშის შესაძლებლობა.
გობეჯიშვილის განმარტებით, ამჟამად, „დადარის“ წარმოებული პროდუქციის 95% უცხოეთში იყიდება. ძირითადი საექსპორტო ქვეყანა გერმანიაა, რომელიც საქართველოსგან ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოებს ყიდულობს და შემდეგ მის რეალიზაციას, ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში თავადვე ახდენს. ქართული წარმოების ეკომეგობრული სათამაშოები უცხოურ ბაზრებზე, ონლაინ პლატფორმების მეშვეობითაც იყიდება.