სნეპ ფიტნესი: უსამართლობის განცდა გვეუფლება, მთავრობისგან არანაირ შეღავათს არ ვიღებთ
“სნეპ ფიტნესის“ ქსელის დირექტორი სოფო სოლოღაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ სექტორში არსებულ ურთულეს მდგომარეობაზე საუბრობს. მისი ინფორმაციით, სექტორს მთავრობასთან კომუნიკაცია აქვს, თუმცა უშედეგოდ. არ მომხადარა არც სესხებზე სუბსიდირების პროგრამაში ჩართვა და არც საგადასახადო ნაწილში გავრცელებულა რაიმე შეღავათი.
„მესმის, რომ თვითონაც არ იციან როდის გაგვხსნიან, ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე. ვიაზრებთ სიტუაციის სიმძიმეს, გვაქვს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და არ ვითხოვთ გახსნას, თუმცა დახმარება ხომ შესაძლებელია?! საშინელი უსამართლობის განცდა გვეუფლება, როდესაც მთავრობისგან არანაირ შეღავათს არ ვიღებთ. მეტი სიმკვეთრე გვინდა გადაწყვეტილებებში, რადგან სიტუაციიდან გამომდინარე, ისე ვართ, რომ გავიხსნებით თუ არა, ეგეც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. 2020 წლის მარტში დავიკეტეთ და ივლისამდე დაკეტილები ვიყავით. მუშაობის შესაძლებლობა მოგვეცა აგვისტოში, როდესაც ჩვენი ბიზნესისთვის ისედაც არააქტიური პერიოდია, სექტემბერში, როდესაც ინფიცირების დიდი რაოდენობა ფიქსირებოდა, მომხმარებელი აღარ გვყვავდა, ნოემბერში კი დავიხურეთ. 8 თვე ოფიციალურად არ გვიმუშავია, ამას მივამატოთ ის ორი თვე, როდესაც ხალხს ეშინოდა და აღარ მოდიოდა. 10 თვე რომ ბიზნესს დახურავ, რაზეა საერთოდ საუბარი?“ - აცხადებს სოლოღაშვილი.
მისი ინფორმაციით, კომპანიას არ უწევს იჯარის თანხის გადახდა, რადგან ფართის მფლობელები ითვალისწინებენ შექმნილ ვითარებას და შეღავათს უკეთებენ. „ხელფასები პირველი ლოკდაუნის დროს სრულად გავეცით, თუმცა ახლა ამის საშუალება აღარ არის და თანამშრომლები უხელფასო შვებულებაში გავუშვით,“ - აცხადებს სოლოღაშვილი.
კითხვაზე, არის თუ არა იმის რისკი, რომ სიტუაციის დასტაბილურების შემდეგ "სნეპ ფიტნესის" ქსელი ვერ გაიხსნას, სოლოღაშვილი აღნიშნავს, რომ ყველაფრის რისკი არსებობს.
„ბიზნესი, რომელიც ყოველდღიურ შემოსავალზეა დამოკიდებული, 10 თვე დახურავ და არანაირ დახმარებას არ სთავაზობ, რა თქმა უნდა, რთულ სიტუაციაში იქნება. სესხის სუბსიდირება მოვითხოვეთ და არაფერი არ ისმის ჯერ. დაგროვილ საშემოსავლოს გვეგონა ჩამოგვაწერდნენ, მაგრამ გადაგვივადეს 2020 წლის ნოემბრამდე. ამის შემდეგ დაგვიყადაღეს ანგარიშები და ინკასო რომ მოხსნილიყო, მოვითხოვეთ გადავადება. ისედაც გაუბადურებულ ბიზნესს საშემოსავლო გადაუვადდა. ფინანსთა სამინისტროს დღგ-ზე აქვს ხისტი პოზიცია, გვეუბნებიან, რომ საუბარი არ არის არც გადავადებაზე და მით უმეტეს, არც მოხსნაზე. ქსელის გახსნისთვის დამატებითი თანხაა საჭირო, კომუნალურებია დაგროვილი, ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ. ბიზნესს, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას ემსახურება, პანდემიის დროსაც კი არ აქვს დახმარება. არადა, განვითარებულ ქვეყნებში ასეთ ბიზნესებს პანდემიის გარეშეც დიდი შეღავათები აქვთ,“ - აცხადებს სოლოღაშვილი.
„სნეპ ფიტნესი 24/7“ ამერიკული ბრენდია, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით 2000-მდე ფილიალი აქვს. საქართველოში „სნეპ ფიტნესი“ 4 დარბაზითაა წარმოდგენილი.
შეგახსენებთ, ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვები 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესდა. მათ შორის, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით, ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში გაჩერებულია სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება. ამასთან, სათხილამურო კურორტებზე სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად. არ მუშაობს რესტორნები, სპორტული დარბაზები და სავაჭრო მოლები. შეზღუდვები არ შეეხო სილამაზის სალონებს.