ბიზნესი
04/06/2021

სნეპ ფიტნესი: სუბსიდირება განსაკუთრებით ზაფხულში ძალიან დაგვეხმარება

სპორტული ობიექტებისთვის მთავრობის მხრიდან სუბსიდირება განსაკუთრებით ზაფხულში მნიშვნელოვანია, რადგან ამ პერიოდში მომხმარებლების აქტივობა მცირდება, - ამის შესახებ “სნეპ ფიტნესის“ ქსელის დირექტორი სოფო სოლოღაშვილი “ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს.

“სუბსიდირებას ველოდებოდი და აუცილებლად დავრეგისტრირდები. პირველი ეტაპზე ჩვენ სუბსიდირება, ისევე როგორც სხვა ობიექტებმა, ვერ მივიღეთ, რადგან მაშინ არ იყო გათვალისიწნებული უკუ-ლიზინგი, ახლა შედის. ანუ, ვისაც რესტრუქტურიზაცია ჰქონდა გაკეთებული, ის სესხები არ სუბსიდირდებოდა. ბევრი ვიბრძოლე, რომ სუბსიდირების პროგრამის პირობებში ეს საკითხი გაეთვალისწინებინათ.   

სუბსიდირება რა თქმა უნდა ძალიან დაგვეხმარება, ყოველთვიური ხარჯიდან ცოტა ხანი სესხის პროცენტი და ძირი ამოვარდება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზაფხულში, როდესაც ფიტნესზე მომხმარებლის აქტივობა იკლებს, ზაფხულში ჩვენი სეზონი არ არის“, - აღნიშნა სოფო სოლოღაშვილმა.

ინფორმაციისთვის, სპორტული ობიექტები სუბსიდიით მეორედ ისარგებლებენ.  განაცხადების მიღების მეორე ეტაპზე სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ 2-დან 11 ივნისის ჩათვლით მიიღებს განაცხადებს.

სუბსიდირების შესახებ გადაწყვეტილება მთავრობამ კოვიდპანდემიის შედეგად გამოწვეული  სირთულეების გამო მიიღო. სუბსიდიით ისარგებლებენ ობიექტები, რომლებსაც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ოპერირების შესაძლებლობა შეეზღუდათ და შეუმცირდათ შემოსავალი.

პროგრამა მოიცავს სამ კომპონენტს: სესხის თანადაფინანსების კომპონენტი; სალიზინგო პროექტის თანადაფინანსების კომპონენტი; მიკრო სესხის თანადაფინანსების კომპონენტი.

აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს, 2020 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, მეწარმე სუბიექტის სესხის/ლიზინგის საგნის /მიკრო სესხის ძირის ნაშთზე მომდევნო 6 თვის მანძილზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას, რომელიც დაითვლება ამ სესხზე/ლიზინგის საგნზე /მიკრო სესხზე 1 დეკემბრის მდგომარეობით არსებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენებით. არაუმეტეს 80%-ის ოდენობით, ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში;
არაუმეტეს 70%-ის ოდენობით, უცხოურ ვალუტაში (მხოლოდ დოლარი, ევრო) გაცემული სესხის შემთხვევაში;