სნეპ ფიტნესი: ხარჯები გაგვეზარდა, აბონემენტზე ფასის მატებას ვერ ავცდებით
პანდემიით გამოწვეული ზარალის გარდა, ლარის კურსის გაუფასურებამ და კომუნალურის გადასახდის მომატებამ, სპორტულ ობიექტებს ხარჯები გაუზარდა. ეს კი, მომსახურების საფასურის გაზრდის საფუძველს იძლევა, - ამის შესახებ “სნეპ ფიტნესის“ ქსელის დირექტორმა სოფო სოლოღაშვილმა “ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა.
მისი თქმით, აბონემენტის ფასი 15 ლარით გაიზრდება.
“გარდა იმისა, რომ პანდემიის დროს ზარალი ვნახეთ, ყოველთვიური ხარჯი გაგვეზარდა. ლარის კურსმა ჩვენნაირ ბიზნესს და არა მარტო, ცუდი შედეგები მოუტანა. ბიზნესებს კომუნალურის გადასახადი გაგვიზარდეს. აქედან გამომდინარე, ფასის მატებას ვერ ავცდებით.
21:00 საათამდე რომ გვიწევდა დარბაზის დაკეტვა, მომხმარებლების მიმართ პასუხისმგებლობა გვქონდა, ყველაფერი გავაკეთეთ რომ ფასი არ გაგვეზარდა. ახლა კი, კომენდანტმა 23:00 საათამდე გადაიწია და შეიძლება საერთოდ მოიხსნას, აბონემენტის საფასური 15 ლარით გაიზრდება. ჯერ არ ვიცი როდის, მაგრამ ამას ვერ ავცდებით, ძალიანაც რომ ვეცადოთ“, - აღნიშნა სოფო სოლოღაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ "სნეპ ფიტნესი" მონაწილეობის მიღებას გეგმავს სახელმწიფოს სუბსიდირების პროგრამაში. სპორტული ობიექტები სუბსიდიით მეორედ ისარგებლებენ. სუბსიდირება მათ შეეხება, რომლებსაც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ოპერირების შესაძლებლობა შეეზღუდათ და შეუმცირდათ შემოსავალი. პროგრამა მოიცავს სამ კომპონენტს: სესხის თანადაფინანსების კომპონენტი; სალიზინგო პროექტის თანადაფინანსების კომპონენტი; მიკრო სესხის თანადაფინანსების კომპონენტი.
სოფო სოლოღაშვილი ამბობს, რომ სპორტული ობიექტებისთვის მთავრობის მხრიდან სუბსიდირება განსაკუთრებით ზაფხულში მნიშვნელოვანია, რადგან ამ პერიოდში მომხმარებლების აქტივობა მცირდება.
მისი თქმით, "სნეპ ფიტნესს" სუბსიდირება არ შეეხო, რადგან პირველ ეტაპზე არ იყო გათვალისწინებული უკუ-ლიზინგი, ამ ეტაპზე კი ეს საკითხია გათვალისიწნებულია.
„სნეპ ფიტნესს“ საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის 4 ფილიალი აქვს.