ბიზნესი
10/06/2023

სნეილ ქეჩი: ლოკოკინის ნახევარფაბრიკატები მიმდინარე თვიდან, ლოკოკინის ხორცის ფილე კი წლის ბოლოდან გაიყიდება

ქართულ-ნორვეგიული კომპანია „სნეილ ქეჩი“ (ნადი გრუპის) ლოკოკინის პროდუქტების ასორტიმენტის ზრდას გეგმავს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის თანადამფუძნებელმა მერაბ ნადარაიამ განუცხადა, წლის ბოლომდე, „სნეილ ქეჩი“ ლოკოკინის ხორცის ფილეს წარმოებას და სარეალიზაციო ქსელში შეტანას დაიწყებს.

„უკვე დავასრულეთ ლოკოკინის ნახევარფაბრიკატებზე მუშაობაც. პროდუქტი უკვე მზად არის და ის დახლებზე მიმდინარე თვიდან გამოჩნდება. საწყის ეტაპზე, ნახევარფაბრიკატებს „აგროჰაბსა“ და რამდენიმე სავაჭრო ქსელში შევიტანთ. მოთხოვნისა და გაყიდვების ზრდასთან ერთად კი, სუპერმარკეტების სიაც გაიზრდება“, - აღნიშნა მერაბ ნადარაიამ.

მისივე ინფორმაციით, კომპანიამ ლოკოკინის ნახევარფაბრიკატები 3 სხვადასხვა რეცეპტით დაამზადა.

„3 შეფუთვა გვაქვს, თითოეულის საბითუმო ფასი 12 ლარია, თუმცა, რა ფასად გაყიდიან სუპერმარკეტები, არ ვიცი. თითო შეფუთვაში 12 ცალი ლოკოკინა დევს“, -განმარტა „სნეილ ქეჩის“ თანადამფუძნებელმა.

მისივე ინფორმაციით, პანდემიამდე საქართველოში მსაგვსი სახის იმპორტირებული პროდუქტი იყიდებოდა. „თუმცა, ამ ეტაპზე, ლოკოკინის ნახევარფაბრიკატები მე პირადად აღარ შემხვედრია ადგილობრივ ბაზარზე, ამიტომ, ველოდები რომ მომხმარებლის მხრიდან დიდი დაინტერესება იქნება“, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ ნადარაიამ.

ცნობისთვის, ლოკოკინების ნახევარფაბრიკატების ქარხანა სენაკის რაიონის სოფელ მენჯში მდებარეობს, სადაც კომპანია საწყის ეტაპზე, წელიწადში 400 ტონა ლოკოკინას გადაამუშავებს.

„სნეილ ქეჩმა“ ლოკოკინების ნახევარფაბრიკატების ქარხნის მშენებლობაში 2 მლნ ევროს ინვესტიცია განახორციელა. ქარხანა 1 800 კვადრატულ მეტრ ფართობზე აშენდა.