ბიზნესი
10/02/2021

სირთულეების მიუხედავად, "მარკო პოლო" ბაზრიდან გასვლას არ აპირებს

გუდაური სამთო-სათხილამურო კურორტებზე სასტუმროების მუშაობის აკრძალვამ მნიშვნელოვნად დააზარალა. გამონაკლისი არც სასტუმრო „მარკო პოლოა“.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ სასტუმროს ადმინისტრაციაში განუცხადეს, მენეჯმენტი თანამშრომლების ნაწილს ინარჩუნებს, ნაწილი კი უხელფასო შვებულებაში ჰყავს გაშვებული.

„წელი რადგან ჩაგვივარდა, პერსონალის 80% ვერ დავიქირავეთ. სიტუაცია ასეთია - არ გვაძლევენ ოპერირების საშუალებას, თორემ ჩვენ საბაგიროს გარეშეც ვაპირებდით გახსნას. გაგვიჭირდებოდა, მაგრამ, ალბათ ვიმუშავებდით,“ - აცხადებენ ადმინისტრაციაში.

სასტუმრო „მარკო პოლოში“ განმარტავენ, რომ ზამთარში სასტუმრო დახურულის შემთხვევაშიც კი ხარჯიანია. საქმე ეხება სხვადასხვა ინფრასრუქტურულ ხარჯს, მათ შორის, კომუნალურების გადასახადს და ასე შემდეგ.

„ეს არის თვეში რამოდენიმე ასეული ლარი. ასევე თანამშრომლების ხელფასი, რომლებსაც ამ დრომდე ვინარჩუნებთ. კარგია რომ სახელმწიფო გვეხმარება, თუმცა, მკვდარ ბიზნესს გინდა დაეხმარე გინდა არა.ეს დამატებით დოვლათს ვერ ქმნის,“ - აცხადებენ ადმინისტრაციაში.

„მარკო პოლოში“ აცხადებენ, რომ ზაფხულის სეზონი გუდაურისთვის არაფერს ნიშნავს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში უცხოელი ტურისტები არ შემოვლენ. სასტუმროს ადმინისტრაციის ინფორმაციით, ადგილობრივი დამსვენებლისთვის კონკრეტულად გუდაური მიმზიდველი არ არის.

„მარტშიც თუ ვერ გავიხსნებით და ზაფხულში უცხოელი ტურისტები არ ჩამოვიდნენ, წელს გუდაურს პერსექტივა არ ექნება. მიუხეადავად ამისა, სასტუმრო „მარკო პოლო“ არ აპირებს ბაზრიდან გასვლას, არ ვაჩერებთ საქმიანობას. როგორც კი ტურისტული კუთხით გააქტიურების საშუალება მოგვეცემა, აუცილებლად დავბრუნდებით. ჩვენ გაგვიმართლა. ალბათ ვართ იმ 2-3%-ში, ვინც გადარჩება, რადგან კარგი სასტუმროა, ძლიერი ჯგუფია. 90%-ს გახსნა ძალიან გაუჭირდება,“ - აცხადებენ „მარკო პოლოს“ ადმინისტრაციაში.  

ამჟამად სამთო-სათხილამურო კურორტებზე არსებული სასტუმროები  სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით დახურულია. არ მუშაობს გუდაურში მდებარე სასტუმრო „მარკო პოლოც“.