ბიზნესი
20/10/2022

Signify: მალე, საქართველოში დოკუმენტების დიდი ნაწილი ელექტრონულად იქნება გაფორმებული

საქართველოში, რამდენიმე წელიწადში, დოკუმენტების დიდი ნაწილი ელექტრონულად იქნება გაფორმებული და გაციფრულებული, - ასეთი მოლოდინი აქვს კომპანია Signify-ს, რომელიც დაკონტრაქტების პროცესის შეცვლას და მისი ფურცლებიდან ციფრულ სივრცეში გადატანის სერვისს ავითარებს.

კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საქართველოში დოკუმენტების ელექტრონულად ხელმოწერის სერვისი ოფიციალურად წელიწად-ნახევრის წინ გააქტიურდა და დღეს ამ მომსახურებით, სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენელი სულ უფრო მეტად სარგებლობს. Signify ცდილობს, ადგილობრივ ბაზარზე დოკუმენტების ელექტორნულად ხელმოწერის სერვისის ცნობადობა გაზარდოს.

„პანდემიამ ამ სფეროს განვითარება დააჩქარა და დღეს, ელექტრონული ხელმოწერები მსოფლიოს ბაზარზე უფრო და უფრო აქტიურდება. საქართველოც ცდილობს ამ ტრენდს ფეხი აუწყოს, თუმცა ჯერ კიდევ ან ფურცლებზე, ან ფურცლების ალტერნატივებზე ხდება ხელმოწერა. ამიტომ, ჩვენი ხედვა არის, რომ საქართველოში შევცვალოთ დაკონტრაქტების პროცესი და გავამარტივოთ ეს ბიზნესებისთვის. რომ დავიწყეთ ეს საქმე, 2 კვირის ვადაში დავრწმუნდით, რომ სწორ დროს და სწორ საქმეს ვაკეთებდით. მაშინვე წამოვიდა ინტერესი სხვადასხვა კატეგორიის კომპანიებისგან. წელიწად-ნახვერის თავზე ჩვენ გვყავს უკვე 200-ამდე კომპანია, რომელიც იყენებს ყოველდღიურად ჩვენს სერვისს“, - განაცხადა "ბიზნესპარტნიორთან" Signify-ის მმართველმა პარტნიორმა ზვიად წოწკოლაურმა. მისივე ინფორმაციით, ქართულ ბაზარზე, Signify-ის ჯერ კონკურენტი არ ჰყავს, თუმცა, მისი კონკურენტები არიან მასშტაბური, გლობალური კომპანიები, რომლებიც ნებისმიერ ქვეყანაში ხელმისაწვდომია.

Signify-ის კორპორატიული გაყიდვების ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩხეიძე კი საერთაშორისო ბაზრებზე არსებულ ტენდენციებზე საუბრობს და განმარტავს, რომ ამერიკის და ევროპის ბაზარზე დოკუმენტების დიდ ნაწილს ხელი უკვე ელექტრონულად ეწერება. „ყველა კომპანიას, რომელიც აქტიურია, აქვს დოკუმენტები. შესაბამისად, როდესაც ისინი იგებენ, რომ ხელმოწერის პროცესი შეუძლიათ უფრო მარტივი გახადონ, რაც მათ - დროს, ადამიანურ რესურსს და რაც მთავარია, დამატებით ხარჯებს დაუზოგავს - ისინი უფრო მეტად მოგვმართავენ თანამშრომლობის ინიციატივით“, - აღნიშნა ალექსანდრე ჩხეიძემ.

ცნობისთვის, Signify Pad მომხმარებელს საშუალებას აძლევს, გააციფრულოს დოკუმენტები და მათი ხელმოწერის პროცესი ოფისებსა და ფილიალებში. ბიომეტრიულად ხელმოწერილი დოკუმენტი ექსპერტიზებადია სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ. Signify ერთი ფანჯრის პრინციპით ფარავს პროცესის გაციფრულებისთვის საჭირო ყველა სერვისსა და კომპონენტს.