შვეიცარიულ აგრარული სკოლა “კავკასია“ - ვაძლიერებთ სასწავლო პროგრამებს, სტუდენტებს შვეიცარიაში ისევ გავუშვებთ
შვეიცარიულ აგრარული სკოლა “კავკასია“ სასწავლო მიმართულებას აფართოებს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ სკოლის დირექტორმა თინათინ მახარაძემ განუცხადა, „კავკასიას“ ტერიტორიაზე უკვე დაწყებულია ინფრასტრუქტურული სამუშაოები და დამატებითი შენობების მშენებლობა.
„ვემზადებით სტუდენტების ახალი, გაზრდილი ნაკადის მისაღებად. USAID-ის მხარდაჭერით, მოკლევადიან ტრენინგებს ვამატებთ, რომელიც ივლისის თვიდან ჩაეშვება და სწორედ ამ მიზნით, ახალ შენობასაც ვაშენებთ ჩვენს ტერიტორიაზე. ამასთან, მიმდინარეობს მასწავლებელთა სახლის მშენებლობაც, რათა ადგილზე დარჩენა შესაძლებელი იყოს“, - განმარტა თინათინ მახარაძემ.
მისივე ინფორმაციით, ისევე როგორც წინა წლის შემთხვევაში, სკოლა „კავკასიას“ სტუდენტები წელსაც წავლენ შვეიცარიაში განათლების მისაღებად, სადაც გადამზადებას მეცხოველეობისა და რძის გადამუშავების მიმართულებით გაივლიან.
„ისევ 7 სტუდენტი წავა 2 კვირიანი გაცვლითი პროგრამით შვეიცარიაში. ამ ეტაპზე, გვყავს 14 სტუდენტი.აქედან 7 - წელს ამთავრებს ჩვენს სკოლას, 7 კი - ერთი წლის შემდეგ. შემდეგი ნაკადის რეგისტრაცია ამ თვის ბოლოდან დაიწყება და ისინი სწავლას შემოდგომიდან შეუდგებიან“, - აღნიშნა შვეიცარიული აგრარული სკოლის დირექტორმა.
შეგახსენებთ, დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ სარკინეთში შვეიცარული პროფესიული განათლების მოდელის მიხედვით, სკოლა და საცხოვრებელი კამპუსი ფუნქციონირებს. კოლეჯის ძირითადი საქმიანობაა 2 წლიანი პროფესიული პროგრამა მეცხოველეობაში, რძისა და რძის პროდუქტების გადამუშავებაში.
სკოლის ბაზაზევე, შვეიცარიული ტექნოლოგიით 5 დასახელების ყველი იწარმოება, რომელიც სარეალიზაციო ქსელში 2022 წლიდან გამოჩნდა.
პროექტს სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი და "მარგებელი ჰოლდინგის" მფლობელი მიხო სვიმონიშვილი შვეიცარიელ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს.