შრომის ინსპექცია: სპორტული დარბაზების მუშაობის აღდგენის გეგმაზე ვმსჯელობთ
შრომის ინსპექცია შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად სპორტული დარბაზების მუშაობის აღდგენის გეგმაზე მსჯელობს. ამის შესახებ მთავარმა შრომის ინსპექტორმა, ბექა ფერაძემ „ბიზნესპარტნიორის ოთხეულში“ განაცხადა.
ფერაძემ კონკრეტულ გეგმაზე ჯერჯერობით ვერ ისაუბრა, თუმცა აღნიშნა, რომ პროცესის დაწყება უახლოეს მომავალშია შესაძლებელი.
„გვესმის მათი პროტესტი და ასევე ის გამოწვევები, რომელიც დღეს ამ სექტორის მიმართ არის. მაგრამ სპეციფიკიდან გამომდინარე რომ დავაკვირდეთ, პირბადეს, რომელიც პანდემიასთან საბრძოლველად ოქროს იარაღია, სპორტულ დარბაზში ამას ვერ იყენებ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ გამოსავალი არ არსებობს. წინასწარ არ ვიცი, რამდენად შესაძლებელია, რომ ეს ჩამოყალიბეულად გავაჟღერო, მაგრამ ჩვენ ვმსჯელობთ სხვადასხვა მექანიზმით, მათ შორის ვაქცინირებული ადამიანების, გატესტილი ადამიანების მეშვეობით რომ იყოს ეტაპობრივი აღდგენა. ეს უახლოეს პერიოდში იქნება შესაძლებელი“,- აღნიშნა ფერაძემ.
შეგახსენებთ, ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვები 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესდა. მათ შორის, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში გაჩერებულია სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება. ამასთან, სათხილამურო კურორტებზე სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად. არ მუშაობს რესტორნები, სპორტული დარბაზები და სავაჭრო მოლები. შეზღუდვები არ შეეხო სილამაზის სალონებს.
ფოტო: cedars-sinai.org